"...მაშინ მივხვდი, რომ გული ჰქონდა" - რას იხსენებს დედა ანი ყიფშიძეზე

ani

"პრაიმჰაუსის" გოგონების გულშემატკივრები, ერთმანეთის ტელე-კუმირებს, სოციალურ ქსელში, ნეგატიურ კომენტარებს უწერენ და "ამწარებენ". თეო კოჭლამაზაშვილის გულშემატკივრები, ამ კვირაში, თავს ანი ყიფშიძეს დაესხნენ. ანის წყობიდან გამოყვანა კი, მისი შვილის უდიერად ხსენებით მოახერხეს.

ანი "პრაიმტაიმთან" თავის აღშფოთებას გამოთქვამს.

ანი ყიფშიძე: - ჩემი ნატალი ხუთ თვეში ხდება 12 წლის და ცუდად შეეხნენ. თეოს გულშემატკივრები წერენ, რომ თითქოს არაკანონიერად გავაჩინე. ასეც რომ იყოს (მით უფრო, რომ სიცრუეა!), ეს ვისი რა საქმეა? ან რა დააშავა ჩემმა შვილმა, რომ მსგავს საზიზღრობას იგებს? არ არის ვალდებული, რომ დედაზე, მისი ანტი გულშემატკივრისგან, ამგვარ ცრუ და უსიამოვნო საუბარს ისმენდეს. ამის უფლება არავის აქვს. თუ ვინმეს რამე უნდა, მე მითხრას, ჩემთან გაარჩიოს. ბავშვს ნურავინ ეხება.

- ანი, ბარემ აქვე გვითხარი, პროექტის გარეთ გიორგი ნაზღაიძესთან რა ურთიერთობა გექნება?

- პროექტის გარეთ რა იქნება, არ ვიცი. ახლა მეგობრები ვართ. არ ვმტრობთ, კარგად ვართ. 

   ***

ანის დედამ ჩვენთან გულისტკივილი გამოთქვა, რომ შვილის გარშემო დაწერილ ყველა ნეგატიურ კომენტარს განიცდის.

ლანა ყიფშიძე: ის ადამიანები მაძლიერებენ, ვინც სწორ დარიგებას მეუბნებიან. ახლა ზედმეტი მოუვიდათ ბავშვს რომ შეეხნენ. ყველაფერი ტყუილია, რასაც წერენ. ვინც ჩვენ გვიცნობს, ეს იცის. 

ანი ისეთი პირდაპირია, როგორიც პროექტშია. ქვეშქვეშა არ არის. ჩემთვის ბევრი რამაა მიუღებელი, იგივე მისი ბილწსიტყვაობა. დაიწერა კიდეც, ჩანს როგორი ოჯახიდან არისო. ანი არ არის ისეთ ოჯახში გაზრდილი, სადაც ცემა-ტყეპა და ბილწსიტყვაობაა. ის თავისი ცხოვრებიდან გამომდინარეა ისეთი, როგორიც არის. მისთვის გინება მშობლებს არ უსწავლებიათ. 

ქმარს რომ გაეყარა, მაშინ ძალიან დაიჩაგრა, მძიმე პერიოდი გავიარეთ. თვითონ რომ ჰყვება ჰარი ჰარალეზე, ასე არ არის. თავს იცავს თავისი ბილწსიტყვაობით. ჰგონია, რომ ვერავინ ვერაფერს გაუბედავს. დიდი გული აქვს. სინამდვილეში მგრძნობიარე და გულჩვილია.

ძმა რომ გავუჩინე, ანი 13 წლის იყო. პროტესტი გაუჩნდა. ვთხოვდი, მომეხმარე-მეთქი. ბავშვს ხელს არ ჰკიდებდა. ირაკლი ექვსი თვის რომ იყო, ავად გამიხდა, სიცხე ჰქონდა. ანიმ რომ დაინახა, ვნერვიულობდი და ღამე არ მეძინა, კაბა ჩაიცვა, თავზე დაიხურა და ლოცვა დაიწყო... მაშინ მივხვდი, რომ გული ჰქონდა.