1769284719
კაცმა უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ფეხის ნაწილი მოიჭრა (უცხოეთი)
ინდოეთის ქალაქ ჯაუნპურში კაცმა მარცხენა ტერფის ნაწილი მოიჭრა, რათა უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი მიეღო.
Times of India-ს ცნობით, 24 წლის სურაჯ ბჰასკარს უკვე ჰქონდა ფარმაცევტული განათლება და სწავლის გაგრძელება სამედიცინო ფაკულტეტზე სურდა. ამისთვის ის შშმ პირებისთვის განკუთვნილი კვოტით სარგებლობას გეგმავდა.
18 იანვარს კაცმა პოლიციას მიმართა და ამტკიცებდა, რომ მას ორი უცნობი პირი დაესხა თავს და მარცხენა ტერფის ნაწილი მოჰკვეთეს. სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრეს და გამოძიება დაიწყეს.
დაკითხვისას ბჰასკარმა რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება. პოლიციამ ასევე იპოვა მისი პირადი დღიური, სადაც ის 2026 წლისთვის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარების გეგმებს ახსენებდა. ბჰასკარის შეყვარებულმაც დაადასტურა მისი „სასოწარკვეთილი“ სურვილი სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის შესახებ. მისი ჩვენების თანახმად, 2025 წლის ოქტომბერში კაცი უკვე ცდილობდა შშმ პირის სტატუსის დადასტურებას ბენარესის ინდუისტურ უნივერსიტეტში.
პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე საეჭვო პირები ვერ აღმოაჩინა. ჩხრეკისას კი მისი საცხოვრებლის მახლობლად იპოვეს საინიექციო ამპულები, სავარაუდოდ, გამაყუჩებელი პრეპარატებით.
საბოლოოდ, ბჰასკარმა აღიარა, რომ ტრავმა თავად მიიყენა.











