კანადაში მედდამ ავარიის მსხვერპლის გადარჩენა სცადა, რომელიც მისი შვილი აღმოჩნდა და დაზიანების გამო დედამ ვერ იცნო

კანადა

კანადელი მედდა, რომელიც ავტოკატასტროფის ადგილზე სასწრაფოს დახმარების ბრიგადასთან ერთად მივიდა, საკუთარ შვილს სიცოცხლის ბოლო წუთებში მკურნალობდა. ავარიისას მიღებული დაზიანებების გამო დედამ საკუთარი შვილი ვერ იცნო და ამის შესახებ მოგვიანებით შეატყობინეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ჯეიმ ერიკსონი 15 ნოემბერს ალბერტას გზატკეცილის ყინულოვან მონაკვეთზე მომხდარი ავტოავარიის გამო გამოიძახეს. ადგილზე მას მძიმედ დაშავებული თინეიჯერი გოგო დახვდა, რომლის ჭრილობებიც სასიკვდილო იყო. ერიკსონი ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდა გოგოს დახმარებას, სანამ დაშავებულს საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, სადაც ის გარდაიცვალა.

სახლში მისულ ერიკსონს პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ, რომლებმაც შეატყობინეს, რომ მისი 17 წლის შვილი ავარიის შედეგად დაიღუპა, რადგან დაზიანებები „სიცოცხლესთან შეუთავსებელი" იყო. დედამ სწორედ მაშინ გააცნობიერა, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში საკუთარი შვილის დახმარებას თავად ცდილობდა.

„კრიტიკულად დაშავებული პაციენტი, რომლის შესახებაც მოგვმართეს, ჩემი სისხლი და ხორცი იყო. ჩემი ერთადერთი შვილი - მონტანა. მიუხედავად ყველაფრისა, მე მადლობელი ვარ იმ 17 წლისთვის, რომელიც მის გვერდით გავატარე. თუმცა ისევ ძალიან მაინტერესებს, რისი გაკეთება უნდოდა ჩემს პატარა გოგოს ცხოვრებაში ან ვინ გახდებოდა", - დაწერა ერიკსონმა თავის პოსტში.