ისრაელში, გოგომ სამედიცინო სერიალის ყურებისას საკუთარ თავს იშვიათი დაავადების „დიაგნოზი დაუსვა“, რაც სამედიცინო შემოწმებით დადასტურდა

pulti

ისრაელში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც წლების განმავლობაში  იშვიათი და დაუდგენელი დაავადებით იტანჯებოდა, საკუთარი დიაგნოზი სერიალ „გრეის ანატომიის“ ერთ-ერთი ეპიზოდის ყურებისას ამოიცნო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ემილი ლევი ამბობს, რომ ბავშვობიდან, უჩვეულოდ მოქნილი იყო, მუდმივად ვარჯიშობდა და ელასტიურობის გამო, ძალიან ნიჭიერად მიიჩნევდნენ.

15 წლის ასაკში მხარი ამოიგდო, რასაც მის ცხოვრებაში ხანგრძლივი და მტკივნეული პერიოდი მოჰყვა - ეს სახსრების მუდმივ ამოვარდნილობაში გამოიხატებოდა, განსაკუთრებით კი, მხარის მიდამოებში.

როგორც თავად იხსენებს, ხელის ტკივილი იმდენად აწუხებდა, რომ სკოლაში წერაც აღარ შეეძლო.

„არავინ იცოდა, რა მჭირდა, ზოგიერთს ეგონა, რომ ეს შესაძლოა ართრიტი ყოფილიყო, მაგრამ არაფერმა მიშველა. არცერთ ექიმს არ სმენოდა სახსრის დისლოკაციის ასეთი მაღალი სიხშირით განმეორებაზე და ზოგიერთმა არც კი დამიჯერა“, - ამბობს გოგო, რომელიც ახლა 22 წლისაა.

გაურკვევლობას წერტილი მხოლოდ მას შემდეგ დაესვა, რაც ამერიკული სამედიცინო სერიალის - „გრეის ანატომიის“ ყურება დაიყო.

„შოუს ერთ-ერთი ეპიზოდის დროს პირველად გავიგე ელერს-დანლოს სინდრომის შესახებ. მათ აღწერეს იმის იდენტური მდგომარეობა, რომელიც მე მქონდა. ჩავიტარე კვლევა და დავრწმუნდი, რომ სწორედ ეს სინდრომი მქონდა“, - ამბობს ლევი.