Exclusive: „მე არ შემიძლია დრამა დავდგა და თავი წავიქციო ... ეს რაც ახლა ხდება, ჩემგან ძალიან შორსაა“ - პატრიკი „პრაიმ ჰაუსში“ დაპირისპირებაზე

პატრიკი

ორ კვირაზე ნაკლები რჩება იმის გასარკვევად, თუ ვინ გახდება „პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებული. პროექტში დაძაბულობა კი, პიკს აღწევს. მაყურებელს არ გამორჩენია, ანისა და გიორგის დაპირისპირება. რა ხდება რეალურად შოუში და როგორია ნახევარფინალამდე ერთი დღით ადრე სიტუაცია პროექტში.... ამ საკითხებთან დაკავშირებით „პრაიმთაიმი“ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეს პატრიკს ესაუბრა.

რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მისთვის, რასაც ანი და გიორგი აკეთებენ, ზედმეტია. 

- „ყოველთვის ყოფილა, რომ რომელიმე მონაწილეს კრიზისი ჰქონია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც დამთავრდა ან დაიწყო. ყველაფერი გრძელდება ჩვეულებრივად. მარტივი არ არის ფსიქოლოგიურად. შეიძლება, გიორგისაც აღარ ეყო ნერვები და სახლში წავიდა. ვიცით, რომ დაბრუნდება. არანაირი დაძაბული სიტუაცია არ არის. 

რომ გითხრა, რაიმეს ძალიან განსაკუთრებულს ვგრძნობ პროექტში ნახევარფინალში ყოფნისას, მოგატყუებ. ეს რასაც ანი და გიორგი აკეთებენ, ძალიან პატივს ვცემ, მაგრამ, ჩემი აზრით, ზედმეტია. ამ დოზით, ამ გადაცემაში ამ ფორმით ჩართვა... განა რამეს აშავებენ, ან არღვევენ უბრალოდ, არ მომწონს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითონაც ასე ფიქრობენ. მაგრამ, უკვე რაღა აზრის აქვს. მოვედით ბოლოში. ვუსურვებ წარმატებას“ - ამბობს პატრიკი.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა, ეს ყველაფერი ფინალის მოახლოებას, პატრიკი გვპასუხობს, რომ „დიახ“. 

- „შეიძლება, ჩალაგება და წასვლა არ უკავშირდება, რადგან ეს ფსიქოლოგიური ამბავია. ვინ ორი კვირით ადრე „გაჭედავს“ ან გვიან, ამას ვერ განსაზღვრავს. მაგრამ, რაც შეეხება თვითონ სიტუაცია ფინალთანაა დაკავშირებული. 

შეიცვალა პროექტის მიმართულება. სიმართლე გითხრათ მე არ მომწონს. მე ასეთ პროექტში არ შემოვსულვარ. მე არ მინდოდა ისეთ პროექტში მონაწილეობა, სადაც პრიორიტეტი იქნებოდა დრამატული. ეს რაც ახლა ხდება, ჩემგან ძალიან შორსაა. მე არ შემიძლია იმის გამო, რომ მეტმა ადამიანმა დამიმესიჯოს დრამა დავდგა, ვიტირო, თავი წავიქციო. მე ძალიან ბედნიერი ვარ. თავს კარგად ვგრძნობ. ვერანაირი გამარჯვების გამო, მატერიალური ინტერესის გამო, ვერ გავაკეთებ ისეთ რაღაცას, რასაც ზოგადად, არ გავაკეთებდი. ერთი მარტივი მიზეზის გამო. პროექტი ერთი კვირაში მორჩება. შეიძლება მოვიგო სახლი... არ აქვს ამას მნიშვნელობა. მერე ხომ უნდა გავაგრძელო ცხოვრება? ადამიანი ხომ უნდა მერქვას?“- ამბობს პატრიკი „პრაიმთაიმთან“ საუბრისას.