„ძალიან არ მომეწონა ამ ფოტოების დანახვა" – კიმ კარდაშიანი Balenciaga-ს გარშემო განვითარებულ სკანდალზე

კარდაშიანი

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი Balenciaga საერთაშორისო სკანდალში გაეხვა, ახალი კამპანია, რომელიც მოდის სახლისთვის ფოტოგრაფმა Gabriele Galimberti-მ გადაიღო არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელ კონტენტს შეიცავდა, კერძოდ ფოტოებში მცირეწლოვან ბავშვს სათამაშო დათვი უჭირავს, რომელსაც ეგრეთ წოდებული „სექს სათამაშოები” იგივე BDSM (Bondage gear) აცვია. Balenciaga-მ მომხდარის გამო ბოდიში საჯაროდ მოიხადა და კამპანიის ყველა ფოტო წაშალა, თუმცა აღნიშნული სკანდალი ამით არ დამთავრდა.

სოციალურ მედიაში Balenciaga-ს ბოლოდროინდელი ყველაზე პოპულარული სახე კიმ კარდაშიანი მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. რეალითი შოუს ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ეს არის შეცდომა, რომელიც მსგავს მოდის სახლს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეშვა.

„რამდენიმე დღის განმავლობაში ჩუმად ვიყავი, არა იმიტომ რომ ჩემზე ამ კამპანიამ ზეგავლენა არ მოახდინა, არამედ იმიტომ, რომ მინდოდა ბრენდის შემოქმედებით გუნდთან საუბარი, რათა გამეგო რეალურად რა მოხდა. როგორც ოთხი შვილის დედა, ძალიან არ მომეწონა ამ ფოტოების დანახვა. ბავშვების უსაფრთხოება ყოველთვის უპირველესია. ვაფასებ იმას, რომ Balenciaga-მ  კამპანიის ფოტოები წაშალა და ბოდიშიც მოიხადა. მათთან საუბრის შემდეგ, ვიმედოვნებ, რომ მიხვდნენ რამდენად სერიოზულადაა საქმე”.