დედა-შვილის მორიგი შთამბეჭდავი გამოჩენა - მასკებმა საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა (ფოტოები)

მეი მასკი

ილონ მასკმა საზოგადოება ამჯერადაც გააოცა. ის მეთ გალა 2022-ზე სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, დედასთან ერთად მივიდა. 
 
წითელ ხალიჩაზე SpaceX-ის დამფუძნებლისა და მეი მასკის გამოჩენის ამსახველმა ვიდეომ ინტერნეტსივრცე მალევე მოიცვა. 
 
როგორც ამერიკელი ბიზნესმენი ამბობს, მის წარმატებაში დიდი წვლილი სწორედ დედას მიუძღვის:

 
„ის ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანია“. 

 

ქალი, რომელსაც ასაკი ვერაფერს აკლებს - ამ ფრაზას მეი მასკის დახასიათებისას ყველაზე ხშირად მოისმენთ. დახვეწილი ჩაცმის სტილის, გამორჩეული გარეგნობისა და ბუნებრიობის წყალობით ის უამრავი ქალისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. 74 წლის მეი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია. მას არ ეშინია სიბერის და არც თმაში გაჩენილი ჭაღარები აფრთხობს. 
 
 


„ხშირად მაჩერებენ ქუჩაში და მეუბნებიან - მეი, როდესაც შენ გიყურებთ,  ასაკის აღარ გვეშინია, შენ ჩვენ მოტივაციასა და იმედს გვაძლევ“,- ამბობს მეი მასკი. 


 თუმცა, სანამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის დედა გახდებოდა, მეი მასკმა წარმატების საკმაოდ ვრცელი და რთული გზა განვლო. 
 
3 წლის იყო, როდესაც მშობლებმა საცხოვრებლად კანადიდან სამხრეთ აფრიკაში გადაიყვანეს. ადგილის შეცვლამ პატარა მეიზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.  იქ ცხოვრების პერიოდში ის  დიეტოლოგიით დაინტერესდა და განათლება კვებითი მეცნიერების კუთხით განაგრძო.  
 


ეროლ მასკზე 1970 წელს იქორწინა,  მათ სამი შვილი  - ლონი, კიმბალი და ტოსკა შეეძინათ. თუმცა,  წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა წარუმატებელი აღმოჩნდა.  ეროლი ცოლზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ხშირად ძალადობდა. მტკივნეულ გამოცდილებაზე მეი მასკი მოგვიანებით, ერთ-ერთ ინტერვიუში ალაპარაკდა:


 
„განქორწინების შემდეგ სრულიად მარტო ვიყავი.  ფინანსურად ძალიან მიჭირდა, არადა ბავშვები ხელებში მიყურებდნენ და საჭმელს ეძებდნენ. მახსოვს ერთხელ ძლივს მოვაგროვე ფული, რომ მათთვის რძე მეყიდა, რომელიც ჩემს შვილს შემთხვევით ხელიდან გაუვარდა. მე კი ტირილი დავიწყე, რადგან მეტის ყიდვა მათთვის აღარ შემეძლო“

 

თავი რომ ერჩინა მეი ბევრს მუშაობდა, საყიდლებზე მეორეული ტანსაცმლის მაღაზიაში დადიოდა და ცდილობდა ნაკლები საკვები მიეღო. თუმცა, დაბრკოლებების მიუხედავად ის ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამომდგარიყო, ახალი მიზანი დაესახა და გაბედულად ემოქმედა. 
 
 „მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირდა, ხელი არასდროს ჩამიქნევია.  შვილები ჩემი ცხოვრების მთავარ პრიორიტეტად ვაქციე. ვმუშაობდი იმისთვის, რომ სახლი, საჭმელი და ტანსაცმელი გვქონოდა“,- იხსენებს მეი. 

 


 
ილონ მასკსა და მეის განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. დედა-შვილი სიყვარულის საჯაროდ გამოხატვას არასდროს ერიდება და ერთმანეთს სასაცილო შინაარსის პოსტებსაც ხშირად უძღვნის. 

 
მაგალითად: როდესაც კადიროვმა ილონი  ილონად მოიხსენია. „სფეის იქსის“ დამფუძნებლის დედამ, მეი მასკმა „ტვიტერზე“ ვაჟის ქალად გარდაქმნილი ფოტო გამოაქვეყნა.

 


  
აღსანიშნავია, რომ მეი მასკი შვილზე არანაკლებ წარმატებულია. მისი სამოდელო კარიერა 50 წელზე მეტს ითვლის და დღემდე გრძელდება. მისი ფოტოები დაბეჭდილია ისეთი ცნობილი გამოცემების გარეკანებზე, როგორიცაა - ვოგი, ელი, თაიმი და ნიუ-იორკი. მეი მასკი გადაიღეს ბიონსეს  კლიპშიც.  2017 წელს კი ის ამერიკული კოსმეტიკური ბრენდის - ქოვერგელის, ყველაზე ხანდაზმული მოდელი გახდა.  2019 წელს მან დაწერა წიგნი, სახელწოდებით - „ქალი ისახავს მიზანს“, რომელიც მალევე იქცა ბესტსელერად. 
 
პარალელურად, ცნობილი დიეტოლოგი  სწორი კვების თემაზე პრეზენტაციებს ხშირად მართავს და ადამიანებს სასარგებლო რჩევებს უზიარებს:


 
„მიიღეთ დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით ავოკადო.  მიირთვით ხორცი, თევზეული და ქათამი. მოიწესრიგეთ ძილის რუტინა. და რაც ყველაზე მთავარია - დადებითი განწყობა შეინარჩუნეთ“
 

მეი არ ეთანხმება აზრს, რომ ხანდაზმულ ადამიანებს სოციალური ქსელის გამოყენება უჭირთ. თავად ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ყოველდღე ცდილობს და ინსტაგრამს აქტიურად მოიხმარს. 
 


 
„ნუ მოუსმენთ სხვებს და ყოველთვის აკეთეთ ის, რაც ბედნიერებას მოგიტანთ“,- აღნიშნავს მეი. 

 მეი მასკი გაჩერებას არ აპირებს. მას ღრმად სჯერა იმის, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და ყველაზე ძვირფასი სამკაული, რომელიც ქალს შეუძლია ატაროს -თავდაჯერებულობა,  ბუნებრიობა და გულწრფელი ღიმილია.