„ბევრი სირთულე გამოვიარე... ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა...“ - გაიცანით ლუკა შუკაკიძე — მუსიკოსი, რომლის სიმღერებიც სოციალურ ქსელებს იპყრობს

ლუკა შუკაკიძე

გასულ წელს „პრაიმტაიმმა“ საზოგადოებას ქუჩის მუსიკოსი ლუკა შუკაკიძე გააცნო.  დღეისთვის კი ლუკას სიმღერები სოციალურ ქსელებს კვლავ დიდი პოპულარობით იპყრობს.

ჩვენ გადავწყვიტეთ ლუკას კიდევ ერთხელ დავკავშირებოდით და გაგვეგო თუ რა შეიცვალა ერთი წლის განმავლობაში, გთავაზობთ მასთან ინტერვიუს. 

ვინ არის ლუკა შუკაკიძე - მოგვიყევით თქვენ შესახებ

საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს, ყოველთვის ვცდილობ არ ვთქვა პირადად არაფერი და სხვამ შემაფასოს, მაგრამ ვიტყოდი მხოლოდ ამას რომ ლუკა შუკაკიძე არის ერთი უბრალო ადამიანი, რომელსაც უხარია ირგვლივ ყველას წარმატება. 

6 წლიდან ვმღერი, დამთავრებული მაქვს მუსიკალური სკოლა, შემდეგ ვმღეროდი ანსამბლში, 14 წლიდან კი გავედი ქუჩაში და იქ დავიწყე სიმღერა. თავიდან გამიჭირდა ეს ყველაფერი, მაგრამ გადავდგი ეს ნაბიჯი და გადავლახე ყველანაირი კომპლექსი, დღეს კი ბედნიერი ვარ ჩემი შემოქმედებით.

ლუკა, შენს სიმღერებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება აქვს - რა როლს თამაშობს მუსიკა შენს ცხოვრებაში?

რაც შეეხება სიმღერას - ეს ხელოვნების დარგი იმდენად გულში მაქვს, რომ სიმღერის გარდა საკუთარ თავს ვერასდროს წარმოვიდგენდი სხვა სფეროში. სიმღერა ერთადერთია, რომელსაც ნებისმიერ ხასიათზე სიამოვნებით მოუსმენს ადამიანი.

შენს სიმღერებში შენი გრძნობებიც ჩანს ასეა? 

გრძნობების გარეშე წარმოუდგენელია იმღერო, ყველა საქმეს სიყვარულით უნდა მოეკიდო, შრომით და მონდომებით. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ბოლო პერიოდში შენს სიმღერებს უფრო დიდი გამოხმაურება აქვს ვიდრე აქამდე - შეიცვალა თუ არა რაიმე შენ ცხოვრებაში?

ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად ბევრი რამ შეიცვალა, ყველაფერი 8 წლის ასაკში დავიწყე, დავამთავრე მუსიკალური სკოლა, შემდეგ ანსამბლ „ლამპარში“ სოლისტი ვიყავი, მაგრამ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე მომიწია წამოსვლა. ქუჩაში სიმღერა გადავწყვიტე 14 წლიდან, აი აქედან კი იწყება ჩემი მუსიკალური კარიერა და წარმატება.

ახლა თავს კარგად ვგრძნობ, დამწყებ მუსიკოსებს მინდა მივმართო - არასდროს არ აიცრუონ გული, ბევრი შრომით და მონდომებით აუცილებლად დაფასდება ნებისმიერი საქმე.

ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის „პრაიმ ტაიმს“.

მუსიკალური კუთხით გქონია თუ არა რთული პერიოდები? 

ბევრი სირთულე გამოვიარე, როდესაც გადავწყვიტე ქუჩაში მემღერა. თავიდან ძალიან მერიდებოდა და მიჭირდა, მაგრამ როცა დავინახე, რომ ხალხი ჩემი სიმღერის მოსმენით ბედნიერდებოდა, ეს დიდი სტიმული გახდა ჩემთვის და მეტის კეთების ძალა მომცა.

სამომავლოდ რას უნდა ელოდოს მსმენელი შენგან, გაქვს ახალი გეგმები?

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი სიახლე იქნება ჩემი მსმენელისთვის საქართველოში და არამარტო საქართველოში. აუცილებლად გავმართავ ჩემს საღამოებს. უამრავი ახალი სიმღერა ჩაიწერება, რომელიც გაათბობს მრავალი ადამიანის გულს.