„არ უნდათ, რომ პროექტში ძლიერი მოთამაშე იყოს, კონკურენტის მოშორებას ცდილობენ...“ - გოგა ჯაბაური

გოგა ჯაბაური

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეებმა 3 აუტსაიდერი უკვე დაასახელეს. შაბათის ლაივზე მაყურებელსა და ჟიურის არჩევანის გაკეთება ევა ქეცბაიას, გიორგი ბრეგვაძე, იგივე „ბრეჩკის“ და გოგა ჯაბაურს შორის მოუწევთ.

გოგა ჯაბაურმა, რომელიც პროექტში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და კონფლიქტური მონაწილეა, ხმის მიცემის დროს 10 „დისლაიკი“ მიიღო, ეს კი წინა სეზონის გათვალისწინებით, ნამდვილად ანტირეკორდია. გოგა „პრაიმტაიმთან“ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

გოგა ჯაბაური: აუტსაიდერების სკამზე რომ აღმოვჩნდებოდი, ვიცოდი. ბევრს სიმართლე არ მოსწონს. სიმართლეს ამ დრომდე სხვა ფორმით ვაძლევდი: ცოტა აგრესიით, ცოტა ემოციით, გაითიშა ეს აგრესია და ემოცია ყველანაირ შემთხვევაში. ახლა ეს აღარ იქნება, სხვა ფორმით მივაწოდებ ადამიანს -  ცივი, ცივილური მომენტით მივაწვდი მთლიან ინფორმაციას.

- მაყურებელს უჩნდება განცდა, რომ მონაწილეებთან არ ცდილობთ თბილი და ახლო ურთიერთობის დამყარებას, ეს ამ „დისლაიკებითაც“ გამოიხატა...

- „დისლაიკებზე“ არაა აქ საუბარი. უბრალოდ არ უნდათ, რომ პროექტში ძლიერი მოთამაშე იყოს, კონკურენტის მოშორებას ცდილობენ, რომელიც ეძიება დეტალიზაციამდე. მე რომ ერთი მხარე მეტყვის, ამან გამაბრაზაო, მივალ მეორე მხარესთან და ჩავეძიები, რატომ გააბრაზა და რა მოხდა. ბოლოს, ბირთვამდე ჩავალ და გავიგებ რეალობას, რომ მაყურებელმა სწორად მიიღოს და გაიგოს. 

ევა საბას შემთხვევაში, დეტალებს არ ჩაძიებია. სცენა დაიდგა, ააფეთქეს და გატეხეს ადამიანი. სექსუალიზაცია და ძალადობა ორი სხვადასხვა რაღაცაა. კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, ადამიანს როცა რაღაც არ სიამოვნებს, უნდა გამოთქვას. როდესაც ჩვენ ვართ კამერებში, სადაც არის 4500 კამერა, შეგვიძლია ჩვენი აზრის დაფიქსირება და „რუსთავი 2-ის“ პატრონაჟი გაგვაჩნია, მოდი რა, გამოთქვი შენი აზრი, რაღაც თუ არ გსიამოვნებს. შენ თუ არ ხარ ის ადამიანი, რომელიც თავის აზრს არ გამოთქვამს და ამხელა პატრონაჟს სწორად არ იყენებს, პროექტს დაემშვიდობე და სახლში წადი, სადაც ჩუმად იჯდები.

- რა მოლოდინი გაქვს შაბათის ლაივზე?

შაბათს ხალხმა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. შეიძლება სულ ვერ გავხდე ხმების ლიდერი და ვერც ჟიურის რჩეული, მაგრამ ვიქნები ის ადამიანი, ვინც ყოველთვის ვარ. ყველა მიყვარს, ადამიანების მიმართ სიძულვილით გამსჭვალული არ ვარ, პირველი, რაც გამაჩნია, არის სიყვარული. სიძულვილს ყოველთვის შევძლებთ, ძალიან მარტივია.