„არ მიმაჩნია, რომ ადრე გათხოვება ცუდია.. 19 წლისა ცოლად გავყევი“ - ირმა სოხაძე პირადზე

irma soxaZe

ბევრმა არ იცის, რომ მომღერალ ირმა სოხაძეს ვარსკვლავური ბავშვობა ჰქონდა. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, კონსერვატორია - წითელ დიპლომზე. ყოველთვის მომხიბვლელი გახლდათ და დღესაც არაჩვეულებრივ ფორმაშია.


19 წლის ასაკში ოჯახი შექმნა, 20 წლისას უკვე შვილი ჰყავდა და ამის პარალელურად, სცენაზე აქტიურად იდგა. „კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მომღერალი ამბობს, რომ თინეიჯერობისას ბევრი კომპლექსი ჰქონდა.

„თინეიჯერობა ყველა გოგონასთვის საკმაოდ მძიმეა (არავინ თქვას, რომ მხოლოდ ბიჭები განიცდიან), რადგან ორგანიზმში რაღაცები იცვლება, გოგონას ამასთან ადაპტაცია სჭირდება... როგორც ხდება, ქალიშვილობის ამპლუაში უმტკივნეულოდ ვერ შევედი: 13-14 წლისამ ცოტათი წონაში მოვიმატე. საკუთარი თავი არ მომწონდა... 17-18 წლისას უკვე არა მიშავდა, მაგრამ თავად ამას ჯერ ვერ ვაცნობიერებდი. საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, ბევრ ბიჭს მოვწონდი, რაც გულწრფელად ვამბობ, ცოტა არ იყოს, მიკვირდა, რადგან იმ პერიოდში ჩემში ბევრ ისეთ თვისებას ვერ ვხედავდი, რომ ბიჭი მომეხიბლა. მერე რეზო შემხვდა. ძალიან შემიყვარდა. საბედნიეროდ, ჩემ მიმართ მანაც იგივე გრძნობა გამოავლინა და 19 წლისა ცოლად გავყევი.

20 წლისას უკვე სალომე მყავდა... არ მიმაჩნია, რომ ადრე გათხოვება ცუდია, პირიქით - ამან ბევრი დადებითი მომიტანა: პირველ რიგში, თავდაჯერებულობა შემძინა. რეზო მართლა არაჩვეულებრივი ბიჭი, სანიმუშო, განსაკუთრებული ადამიანი იყო, ყველა გოგოს მოსწონდა. ასეთი ბიჭის გვერდით მეც თავი კარგად და ამაყად ვიგრძენი. კომპლექსების მოხსნაში ოჯახი, კონკრეტულად, რეზო დამეხმარა... შემდეგ, თანდათან, 25-26 წლისა უკვე ჩემს თავს „მოვერგე“, საკუთარი გარეგნობა მომწონდა, თუმცა ახლა ჩემს სურათებს რომ ვუყურებ, 35 წლამდე ზედმეტად გამხდარი ვიყავი. ესეც პარადოქსია, რომ 50 წლის შემდეგ მივხვდი, ქალს რა სჭირდება, რომ შინაგანად ბედნიერი, საკუთარ თავთან ჰარმონიაში იყოს, არ ჰქონდეს ეჭვები, კომპლექსები და პრობლემები.“ - ჰყვება მომღერალი.