ახალ ინტერვიუში კიმ კარდაშიანი ბალენსიაგას სკანდალს გამოეხმაურა

კარდაშიანი

კიმ კარდაშიანი ენჯი მარტინეზის პოდკასტის სტუმარი გახლდათ. ერთ საათიან ინტერვიუში, რეალითი შოუს ვარსკვლავი არაერთ თემას შეეხო, მათ შორის ბალენსიაგას სკანდალს.

2021 წლიდან კარდაშიანი აქტიურად თანამშრომლობს ფრანგულ მოდის სახლთან. „მეთ გალას” წითელ ხალიჩაზე ბალენსიაგას ქართველ დიზაინერთან, დემნასთან გამოჩენის შემდეგ, კიმის და ბრენდის ურთიერთობა გაღრმავდა და თანამედროვე მოდის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მოვლენადაც იქცა. კარდაშიანი არა მხოლოდ ირგებდა დემნას კოლექციებს, არამედ ხვდებოდა ბრენდის კამპანიებში. 2022 წლის ოტ-კუტიურ ჩვენებაზე, კიმი ბალენსიაგას პოდიუმზე მოდელის ამპლუაშიც ვიხილეთ.

16 ნოემბერს, ბალენსიაგას მიერ სკანდალური სარეკლამო კამპანიის გამოქვეყნების შემდეგ, საზოგადოების ნაწილი კარდაშიანისგან საჯარო განცხადების გაკეთებას და ბრენდთან თანამშრომლობის შეწყვეტას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ კიმი ბრენდის საკამათო რეკლამაში არ მონაწილეობდა, ინტერნეტში წნეხი მის მიმართ შესამჩნევი იყო. საბოლოოდ, კარდაშიანმა გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმო ფრანგული ბრენდის უახლესი კამპანია, თუმცა ბრენდთან თანამშრომლობის არა გაწყვეტის, არამედ „გადახედვის“ შესახებ განაცხადა. მისი თქმით, მოდის სახლის ხელმძღვანელებთან საუბრის შემდეგ დარწმუნდა, რომ მსგავსი რამ მომავალში აღარ განმეორდება.

„ყველა მეკითხებოდა, „რატომ არ იღებ ხმას? რატომ არ საუბრობ ღიად?" მე კი, ასეთი ვიყავი, „მოიცადეთ, მე არ ვარ ამ კამპანიაში, არ ვიცი რა ხდება, მომეცით დრო რომ მოვიძიო ინფორმაცია.’ როგორც კი ვნახე ის, რაც ინტერნეტში ყველამ ნახა, გამოვხატე ჩემი აზრი და დავგმე, მაგრამ რადგან არ ვთქვი: ‘F— you, Balenciaga’ დასრულდა!’ ხალხი ამაზეც გაბრაზდა. ისინი ბრაზდებიან მაშინაც თუ ხმას არ ვიღებ და მაშინაც თუ ვიღებ",- ამბობს კიმ კარდაშიანი.