1751644200
ვასილ ლობჟანიძე - მოხარული ვარ, რომ ეს ამბავი ისტორიას დარჩა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მოთამაშემ, ვასილ ლობჟანიძემ განაცხადა, რომ გინესის რეკორდების სერთიფიკატის მიღების გამო ბედნიერია და უხარია, რომ მისი მიღწევა ისტორიას დარჩა.
„მოხარული ვარ, რომ გინესის რეკორდების სერთიფიკატი მივიღე. 2015 წელს მსოფლიო თასის მონაწილე ვიყავი და მიხარია, რომ ეს ამბავი ისტორიას დარჩა. ძალიან რთულია მსოფლიო რეკორდი დაამყარო, მით უფრო, 18 წლის ასაკში.
რაც შეეხება ირლანდიასთან ხვალინდელ თამაშს, ძალიან კარგი მომზადება გავიარეთ და ვიცით, ვის ვეთამაშებით, რა დონის გუნდი ჩამოდის და მაქსიმალურად შევეცდებით, გულშემატკივარი გავახაროთ“, – ამბობს ვასილ ლობჟანიძე.
ლობჟანიძე ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეა, რომელსაც მსოფლიო თასზე უთამაშია. მან ეს რეკორდი 2015 წელს ტონგასთან მატჩში დაამყარა – 18 წლისა და 340 დღის იყო, მსოფლიოს თასზე პირველი შეხვედრა რომ გამართა.
ქართველ მორაგბეს ჯილდო საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ბედიაშვილმა გადასცა.