თბილისის „გრანდ-სლემზე” საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ცხრა მედლით დაასრულა

ნი

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ-სლემი” გაიმართა. ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ცხრა მედალი: ორი ოქრო, ორი ვერცხლი, ხუთი ბრინჯაო მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღის ასპარეზობებს საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ესწრებოდა. თბილისის „გრანდ-სლემის” მესამე დღეს საქართველომ სამი მედალი მოიპოვა. გურამ თუშიშვილი (+100კგ) ვიცე-ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი ჯაბნიაშვილმა (-90კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100კგ) მიიღეს.

ტურნირის დასკვნით დღეს სპორტიდან გააცილეს წარმატებული ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ევროპული თამაშების ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი.

თბილისის „გრანდ სლემზე“ ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა, ამავე წონაში ნინო ლოლაძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, თემურ ნოზაძემ (-66 კგ) კი ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) ტურნირის ჩემპიონობა მესამედ იზეიმა, -81 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ბეროშვილმა და ზაურ დვალაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.