პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია სპორტის მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის მთავარი მხარდამჭერი გახდა. მხარეებს შორის 5 წლიან ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. საქართველოს ბანკი თანამშრომლობის ფარგლებში, 2026 წლის ჩათვლით დაუჭერს მხარს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს.
ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ მოაწერეს.
თანამშრომლობა ასევე გულისხმობს ეროვნული ჩემპიონატის მხარდაჭერას. დაგეგმილია არაერთი პროექტის განხორციელება, რაც მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ფეხბურთის მხარდაჭერას, მასობრივი და ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებას.
ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი პირები.
„დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ვიწყებთ გრძელვადიან პარტნიორობას. ამ თანამშრომლობით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დიდი მხარდაჭერა და გულშემატკივრობა ქართული ფეხბურთის მიმართ. ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებას, ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას, ფუტსალის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების გაძლიერებას. ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებას, სპორტსმენებისთვის საჭირო რესურსებზე წვდომას. გვინდა ამ პარტნიორობით ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ საქმეში, რასაც ქართული სპორტის განვითარება ქვია და რომელსაც უკვე ვახორციელებთ არაერთი წარმატებული თანამშრომლობით, იქნება ეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერა თუ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების გენერალური პარტიორობა. ჩვენთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების სპორტსმენების წახალისება. მჯერა, ისინი არაერთ გამარჯვებას მოგვიტანენ. დარწმუნებული ვარ, ბევრ ახალგაზრდას მიეცემა სტიმული, არ გაჩერდეს და კიდევ უკეთ აითვისოს და გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
„ძალიან სასიხარულოა, რომ სწორედ საქართველოს ბანკი გახდა ქართული ფეხბურთის მხარდამჭერი. ბანკი, რომელიც მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე გამოირჩეოდა საკუთარი ხედვითა და ფილოსოფიით. მუდმივი განვითარება სწორედ ის მთავარი ღირებულებაა, რომელიც საერთოა ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება ორივე მხარისთვის და მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შევძლებთ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს ჩვენი ქვეყანა უეფას ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ჩემპიონატის მასპინძელია. ჩვენი ახალი პარტნიორის მხარდაჭერით, აუცილებლად შევძლებთ გამორჩეული ჩემპიონატის ორგანიზებას“,- განაცხადა ლევან კობიაშვილმა, სფფ-ის პრეზიდენტმა.