საქართველო დანიის ნაკრებს უმასპინძლებს

nakrebi

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე მატჩს თბილისში დანიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 20:50 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ეს იქნება პირველი ეტაპის მეოთხე შეხვედრა და მოგების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ოფიციალურად გაინაღდებს მომდევნო ეტაპის საგზურს. ოთხგუნდიანი ჯგუფიდან სამი გადის. საქართველო ერთი მოგებით მესამე პოზიციაზეა (დანიასთან, სტუმრად, 89:71), დანიას სამივე შეხვედრა წაგებული აქვს. ამ ნაკრების მეორედ დამარცხების შემთხვევაში ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი დანიისთვის მიუწვდომელი გახდება და, მინიმუმ, მესამე ადგილს დაიკავებს.

ბოლო ორი ტური კი ივლისის დასაწყისში გაიმართება და სწორედ მაშინ გადაწყდება, საქართველო მესამე იქნება თუ უფრო მაღალი პოზიციით გადავა მომდევნო ეტაპზე. შეგახსენებთ, რომ ივლისში თბილისში ესპანეთს მივიღებთ, ხოლო უკრაინასთან სტუმრად ვითამაშებთ. ამ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს NBA-ელები სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე დაემატებიან.

მეორე ჯგუფური ეტაპი აგვისტოში დაიწყება – A და B ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო ნაკრები ექვსგუნდიან ჯგუფს შექმნის, საიდანაც მსოფლიო ჩემპიონატზე სამი გავა.