რომ დგახარ კვარცხლბეკზე და საქართველოს დროშის აღმასვლას უყურებ შენი ქვეყნის ჰიმნის ფონზე, საერთოდ სხვა შეგრძნებაა, ყველაფერს გავაკეთებ, რაც არ შემეძლება იმასაც ვცდი - შოთა მიშველიძე

შოთა მიშველიძე

2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია დღეს გაიმართება. საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია საფრანგეთში უკვე სრული შემადგენლობით იმყოფება.

ზაფხულის 33-ე ოლიმპიადაზე, 28 ქართველი სპორტსმენი სპორტის 10 სახეობაში იასპარეზებს, მათ შორის, ერთ-ერთი ძალოვანი შოთა მიშველიძეა.

სპორტსმენი, გადაცემა "შუადღისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რათა ქვეყანას ოქროს მედალი მოუპოვოს, მათ შორის შეუძლებელსაც ცდის.

"ყველაფერს გავაკეთებ, რაც არ შემეძლება იმასაც ვცდი, რომ გავაკეთო. რამდენად გამომივა ეგ არ ვიცი, მაგრამ თუ იქნება შესაძლებლობა აუცილებლად ვცდი", - ამბობს შოთა მიშველიძე.

მანამდე, სპორტსმენი აქცენტს კონკურენტებზეც აკეთებს. ამბობს, რომ წინ რთული ბრძოლა ელის, რადგან მისი კონკურენტებიც არანაკლებ შედეგს დებენ თავის საქმეში.

"ძალიან ძლიერი კონკურენტია მასი, რამდენჯერმე მაქვს მოგებული, მაგრამ მას უფრო მეტჯერ აქვს ჩემთვის მოგებული, წინა ოლიმპიადაზეც მომიგო. თანაბარ ძალისხმევაში ალბათ კარგი ბრძოლა გვექნება, როგორც ევროპის წარმომადგენლებს. აზიის წარმომადგენლები ჩვენზე კიდევ უფრო ძლიერები არიან, თუმცა ოლიმპიადა სხვა ჩემპიონატია და რა მოხდება არავინ იცის. ყველა სპორტსმენი ცდილობს, რომ თავის მაქსიმუმი დახარჯოს, რათა საერთო ჯამში, მეტი გამოვიდეს გაკეთებული. რადიკალურად განსხვავებული ჩემპიონატია, განსხვავებული დატვირთვა აქვს, ბევრი დიდი შედეგს დებს, ზოგი საერთოდ ვერაფერს აკეთებს", - ამბობს ძალოვანი.

შოთა მიშველიძის თქმით, გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანას წარადგენს და ეს ძალიან დიდი ტვირთიც არის, თუმცა ამბობს, რომ სწორედ ის სპორტსმენი ადის კვარცხლბეკზე, ვისაც თავის საქმეში ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული.

"ძალიან დიდი ტვირთია, რაღაც მომენტში, რთულიც არის ამ პასუხისმგებლობით ასპარეზობა, თუმცა ამაზე არ ვფიქრობ, არ მინდა, რომ ამაზე ვიფიქრო, იმიტომ, რომ შემდეგ მიჭირს შეჯიბრზე კონცენტრაციის გაკეთება. როცა ყველაფერს გააკეთებ რაც შეგიძლია და ამ ყველაფერს გაუკეთებ რეალიზებას ჩემპიონატზე, ამ შემთხვევაში უკვე ქვეყნის წინაშეც, საკუთარი თავის წინაშეც და მწვრთნელების წინაშეც მართალი ხარ. მგონია, რომ ვისაც უფრო მეტი აქვს ნაშრომი და ნაწვალები, ის არის ღირსეული და ის ავა კვარცხლბეკზე", - ამბობს შოთა მიშველიძე.

სპორტსმენი იმ შეგრძნებებსაც იხსენებს, რაც გამარჯვების შემდეგ მოდის, როცა კვარცხლბეკზე დგას და საქართველოს დროშა, ეროვნული ჰიმნის ფონზე მაღლა იმართება.

"შენ რომ დგახარ კვარცხლბეკის უმაღლეს მწვერვალზე და საქართველოს დროშის აღმასვლას უყურებ შენი ქვეყნის ჰიმნის ფონზე, საერთოდ სხვა შეგრძნებაა", - ამბობს შოთა მიშველიძე გადაცემა "შუადღისთვის"მიცემულ ინტერვიუში.