,,როდესაც თამაშის ასე შემოტრიალება შეგვიძლია, ეს გუნდის პოტენციალზე მეტყველებს" - ვილი სანიოლი

ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიის ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ „აჭარაბეთ არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა. 

„პირველი ნახევრით უკმაყოფილო ვიყავი, მაგრამ როდესაც თამაშის ასე შემოტრიალება შეგვიძლია, ეს გუნდის პოტენციალზე მეტყველებს.

მამარდაშვილს რაც შეეხება, მან დღეს ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა. გიორგიმ რამდენიმე ეპიზოდში წარმოუდგენელი ბურთი აიღო.

გიორგი მიქაუტაძე ბოლო დროს კლუბშიც და ნაკრებშიც მაღალ დონეზე თამაშობს. ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ ზივზივაძეს „კარლსრუეში“ ნაკლები სათამაშო დრო აქვს, ბუდუ რომ ათამაშდება და ფიზიკურადაც უკეთ იქნება, მისი და მიქაუტაძის დუეტს ერთად მეტი დრო მიეცემა.

ერთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელია ცენტრშიც მოქმედებდა. ის იმდენად ნიჭიერია, სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. ისეთი ადამიანია, სადაც არ უნდა დავაყენოთ, მთელი მონდომებით თამაშობს. თუმცა, „ნაპოლიში“ მარცხნიდან მოქმედებს და დავფიქრდები, ნაკრებში სად უფრო ეფექტური იქნება.

გაძლიერება ყველა პოზიციაზე სასურველია. სათამაშო სქემას რაც შეეხება, აქამდე 3-5-2-ს წარმატებით ვიყენებდით, მაგრამ ყველაფერი იცვლება და სიტუაცია უნდა გავაანალიზოთ. ფაქტია, რომ როდესაც მეორე ნახევარში ახალ სქემაზე (4-4-2) გადავეწყვეთ, ძალიან კარგად ტაიმი ჩავატარეთ“, განაცხადა ვილი სანიოლმა მატჩის შეფასებისას.