„ქართველებს მანქანის ქირაობა სურდათ და რომ გაიგეს, საიდან იყვნენ, ფასი დაუკლეს...“ - ქართველი კომენტატორი ნეაპოლელ ფანებზე

კვარაცხელია

სპორტულმა კომენტატორებმა, ტატო ბაციკაძემ და გიორგი კალატოზმა ნეაპოლში „ნაპოლი“-„იუვენტუსის“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ცოცხლად იხილეს და თავიანთ შთაბეჭდილებებზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“ ისაუბრეს.

გიორგი კალატოზი: „რაღაცით „სტადიო მარადონა“ „დინამო-არენას“ ჰგავს და ზუსტად იგივე რაოდენობით ადამიანს იტევს. სტადიონზე კი ისეთი გულშემატკივრობა იყო, მეგონა, ფილმში ვიყავი. ვერც დავიჯერე, „იუვენტუსის“ დონის გუნდი ასე რომ „შეჭამეს“.

ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ კვარა მაინც გამორჩეულად უყვართ, რადგან სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. ტაქსის მძღოლი გვეუბნებოდა, მარადონას შემდეგ პირველი ფეხბურთელიაო – ეს ხდება ხვიჩას ჩასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ. „იუვესთან“ თამაშში კვარამ ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ნეაპოლში საქართველოს დროშა საშვივითაა. ქართველებს მანქანის ქირაობა სურდათ და რომ გაიგეს, საიდან იყვნენ, ფასი დაუკლეს. მაღაზიაში რომ შევდიოდით, საქართველო და კვარა ყველამ იცოდა. საქართველოს დროშასთან სურათს იღებენ“.

წყარო: