ოფიციალურად - თორნიკე შენგელია „ბარსელონას“ კალათბურთელია

tornike shengelia

საკალათბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ საქართველოს ნაკრების ლიდერის, თორნიკე შენგელიას ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ესპანურ გრანდთან ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულის ჩათვლით გააფორმა. 33 წლის კალათბურთელი „ბარსელონაში“ „ვირტუს ბოლონიიდან“ გადავიდა.

გასულ სეზონში შენგელიამ იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, გუნდთან ერთად ტიტული მოიგო და ფინალის „უძვირფასეს მოთამაშედ“ (MVP) დაასახელეს.

ევროლიგის 2024/2025 წლის სეზონში ქართველმა 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო საშუალოდ 15.6 ქულას, 5 მოხსნასა და 2.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

„ბარსელონაში“ გადასვლამდე თორნიკე შენგელიამ ცხრა გუნდში ითამაშა, ხოლო მისი კარიერის გამორჩეული პერიოდი „ბასკონიას“ უკავშირდება, სადაც მან ექვსი წელი გაატარა და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.