„ნაპოლის“ წარმომადგენლებმა კვარაცხელიას ბათუმში ჩააკითხეს და კონტრაქტი გააფორმეს - რას ამბობს ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი

ფეხბურთელი

„ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიამ კონტრაქტი უკვე გააფორმა. ამის შესახებ ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ „სპორტ-ეკსპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთიდან ჩამოყვანაზეც ისაუბრა და ჯოვინო ფლმარიონის და ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერებიც ახსენა:

„ყველა ეს ფეხბურთელი ბათუმში ჩამოვიდა, რადგან იცოდნენ, რომ „დინამო“ ახლა საქართველოს საუკეთესო კლუბია. რა თქმა უნდა, მათი დამატება ძალიან რთული იყო, ამისთვის ბევრი ვიშრომეთ. ამის დიდი დამსახურება მათ აგენტს – მამუკა ჯუღელს ეკუთვნის. ხვიჩას ჩამოსვლაზე უპირველესად უკრაინის მოვლენებმა იმოქმედა. მამუკასთან ერთ-ერთი საუბრისას გამიჩნდა მისი „დინამოში“ გადასვლის იდეა და ამის განხორციელებაზე დავიწყეთ მუშაობა. საბოლოოდ ყველაფერი გამოვიდა და შესანიშნავი ფეხბურთელი შევიძინეთ. ეროვნული ნაკრების მარტის მატჩების შემდეგ ის საქართველოში დარჩა და ახლა ყველა მატჩში თავის დონეს ამტკიცებს“.

არჩილ ბერიძემ კვარაცხელიას ხელფასზეც ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, იგივე ხელფასს ვერ ვუხდით, რაც „რუბინში“ ჰქონდა. ქართული კლუბისთვის ასეთი თანხა წარმოუდგენელია, მაგრამ საქართველოს სტანდარტებით, ხვიჩას ძალიან დიდ ხელფასი აქვს. თუმცა ყველაზე დიდი ხელფასი არა მას, არამედ, ფლამარიონს აქვს, რომელთანაც გრძელვადიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. არა მარტო ხვიჩასთან, არც ზურიკოსთან ხელშეკრულების გაფორმება არ იყო იოლი, საქართველოსთვის ის ტოპ ფეხბურთელია. 2020 წლის ბოლოს ის ევროპის 50 ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის შემთხვევით არ მოხვდა“.

„როგორ მოახერხეთ, რომ ხვიჩა ფიფა-ს და უეფა-ს ნებართვის წყალობით დროებით „დინამოში“  გადასულიყო, „რუბინთან“ კონტრაქტი დაერღვია და „დინამოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეერთებოდა? „ნაპოლიდან“ „რუბინი“ მიიღებს რამეს?“, -ამ კითხვაზე დაკონკრეტება არჩილ ბერიძემ არ ისურვა:

„ეს ტრანსფერი ხვიჩას, მამუკას და „რუბინის“ შეთანხმების შედეგია. ჩვენთან თავიდანვე იყო შეთანხმებული, რომ ის თავისუფალ აგენტად წამოვიდოდა. მე არ ჩავერევი ამ მოლაპარაკებების პროცესში, რადგან არასდროს არ ჩავერევი სხვა ეპარქიაში, გარდა ჩემისა. ჩვენი მიზანი იყო ხვიჩას ბათუმში ჩამოყვანა და ეს ბრწყინვალედ შევასრულეთ. რა გზით, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩვენ არასოდეს ვაცხადებთ საჯაროდ ჩვენი ხელშეკრულებების დეტალებს. ეს კომპანიის საიდუმლოა“, – აცხადებს ბერიძე.

წყარო: პირველი არხი

სხვა სიახლეები