„მე ვარ საქართველო!" - როგორი იქნება საქართველოს ნაკრების ახალი ლოგო

ნაკრები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების ახალ ეტაპს მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ პლატფორმა შეიქმნა. შეიცვალა ბრენდის ვიზუალური და ვერბალური იდენტობა და, ახლა უკვე პირველად, ეროვნული გუნდები საკუთარი უნიკალური დიზაინის მაისურებით ითამაშებენ.

ბრენდის ახალი პლატფორმის შექმნის პროცესში ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ფეხბურთთან ასოცირებული სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული, როგორც მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, ისე გულშემატკივრები და ჟურნალისტები.

სიმბოლიკა

ამ შინაარსის გამომხატველი ვიზუალური სიმბოლიკა საქართველოს გერბზეა გამოსახული - წმინდა გიორგი სიძლიერის, იმედის, ბოროტებასთან ბრძოლის სიმბოლოა. ამ სიმბოლოს ერთ-ერთი მთავარი ინტერპრეტაცია საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვებაა - ნებისმიერ მეტოქეს დაამარცხებ, თუ დაამარცხებ სისუსტეს შენში. სწორედ ამიტომ იქცა ამ სიმბოლოს განახლებული, თანამედროვე ვარიაცია ეროვნული ნაკრების ბრენდის ვიზუალურ იდენტობად. სიმბოლოს მოყვა ვიზუალური სტილიც. მასში გამოყენებული უნიკალური „პატერნი“ ქართულ ხასიათსა და სიმბოლიკას ჰარმონიულად აერთიანებს ბრენდის იდენტობასთან.

ვერბალური იდენტობა

„მე ვარ საქართველო“ - ბრენდის ახალი სლოგანი და ვერბალური იდენტობაა, რომელიც ახალ იდეოლოგიას ახმოვანებს. ამ ფრაზას, ერთის მხრივ, ამბობს ბრენდი, რომელიც ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენს და თავიდან ეცნობა სამყაროს, მეორეს მხრივ, ამბობს ფეხბურთელი რომელიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, ყოველდღიური ძალისხმევით მუდმივად ვითარდება, ავლენს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ამგვარად ახდენს კონტრიბუციას საერთო საქმეში და ასევე ამბობს გულშემატკივარიც, რომელიც მთელი ქვეყნის სახელით უჭერს მხარს ეროვნულ ნაკრებს.

უნიკალური დიზაინის ფორმა

ბოლოს, შეიცვალა საფეხბურთო ნაკრების ფორმების დიზაინიც - ვიზუალური იდენტობის მიხედვით შეიქმნა სამი განსხვავებული ფორმა (საშინაო, საგარეო და მესამე), რომლებიც ირეკლავს ბრენდის ახალ ფილოსოფიას, ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალურ ტრენდებს, აძლიერებს ნაკრებს, როგორც ბრენდს და გულშემატკივრებს ახალ, ეროვნულ სიმბოლიკასთან შესაბამისობაში მყოფ ვიზუალურ გადაწყვეტას სთავაზობს.