„მაქსიმალურად ვიყოთ ფერებში და ყველა ბოლომდე დაიხარჯოს...“ - სტადიონისკენ მსვლელობა გერმანიის დროით 18 საათზე დაიწყება

10 000-ზე მეტი ქართველი გულშემატკივარი გერმანიაშია

გერმანიის დროით 18 საათზე დაიწყება მსვლელობა სტადიონისკენ - ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ვიყოთ ფერებში და ყველა დაიხარჯოს ბოლომდე,- ამის შესახებ ქართული სპორტის ქომაგების დამფუძნებელმა, ბექა ნოზაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„სამივე თამაშზე ძალიან მასშტაბური იყო ქართველი გულშემატკივრების რაოდენობა. ჯერ მარტო მსვლელობებზე არნახული რაოდენობა იყო. საქართველოშიც კი ვერ ვახერხებთ ხოლმე ასეთი რაოდენობის გულშემატკივრის შეკრებას. წლებთან ერთად მეტი გამოცდილება მოვა და შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე რომ გავალთ, კიდევ უფრო მაღალი ხარისხით იქნება ჩვენი გულშემატკივრობა წარმოდგენილი. ამ რაოდენობით მე პირადად კმაყოფილი ვარ და იგრძნობოდა, რომ საქართველოს, მეთორმეტე მოთამაშის სახით გულშემატკივარი ჰყავდა“,- აღნიშნა ნოზაძემ.

მან ასევე ხვალინდელ თამაშამდე დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანიის დროით, 18 საათზე დაიწყება სტადიონისკენ მსვლელობა.

„ჩვენ უკვე კიოლნში ვიმყოფებით. ხვალ, 14 საათიდან გაიხსნება ქართველებისთვის შეკრების ადგილი. გერმანიის დროით 18 საათზე დაიწყება მსვლელობა სტადიონისკენ. ესპანეთს არ ჰყავს განსაკუთრებულად აქტიური და აგრესიული გულშემატკივარი. ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ვიყოთ ფერებში და ყველა დაიხარჯოს ბოლომდე. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენი მიზანი მხოლოდ მონაწილეობა არ ყოფილა და საქართველოს ნაკრებმა, თავისი თამაშით დაამტკიცა, რომ ჩვენ აქ შემთხვევით არ მოვხვედრივართ. “,- აღნიშნა ნოზაძემ.