გაიცანით ეროვნული ნაკრების ახალი ვარსკვლავი, გიორგი გველესიანი უფრო ახლოს

გიორგი გველესიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელზე, გიორგი გველესიანზე დადებითი კომენტარები არ წყდება.  ვეცდებით, მკითხველს უფრო ახლოს გავაცნოთ გიორგი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. 

გიორგი გველესიანის კარიერა 

გიორგი გველესიანი ქართველი ფეხბურთელი, თეირანის „პერსეპოლისის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველია. გიორგი თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მისი დებიუტი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს თასის გათამაშების ფარგლებში „გაგრას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 2010 წლის პირველ დეკემბერს შედგა. გიორგი შეხვედრის 70-ე წუთიდან კამერუნელი ლეგიონერის, დონალდ ჯუსეს ნაცვლად ჩაერთო თამაშში, რომელიც „დინამომ“ 2–0 მოიგო.

ეროვნულ ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გიორგი გველესიანმა 2013 წლის 19 აპრილს, სტუმრად გამართულ მე-6 ტურის შეხვედრაში ზუგდიდის „დინამოს“ გაუტანა. მატჩის 22-ე წუთზე მან გიორგი შაშიაშვილი შეცვალა, ხოლო მე-60 წუთზე ზუგდიდელთა კარი აიღო. საბოლოოდ, თბილისელებმა შეხვედრა 2–0 მოიგეს.

სულ „დინამოს“ შემადგენლობაში 81 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. „დინამოს“ რიგებში სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, 4-ჯერ საქართველოს თასის მფლობელი და ორჯერ საქართველოს სუპერთასის მფლობელი.

ირანში პირველად 2017 წელს, თბილისის „დინამოდან“ გადავიდა, სადაც თავიდან „ზობ აჰანის“ რიგებში დაიწყო თამაში. საერთო ჯამში, „ზობ აჰანის“ შემადგენლობაში 2017–2018 წლების სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და ირანის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

„ნასაჯი მაზანდარანის“ შემადგენლობაში 2018–2019 წლების სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი შეაგდო. „სეპაჰანის“ რიგებში 2019–2022 წლებში თამაშობდა, რომელთან ერთადაც 2020–21 წლების სეზონში ირანის ვიცეჩემპიონობა მოიპოვა.

2022 წლიდან „პერსეპოლისის“ შემადგენლობაში განაგრძო თამაში. გიორგი გველესიანი ირანის პრო-ლიგის 2022–23 წლების სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 2024 წლის 9 ივნისს, მონტენეგროს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ პოდგორიცაში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. გველესიანმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 3–1 დასრულდა.