ლამინ იამალი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს

იამალი

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას ესპანეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს. „ფურია როხა“ „ჯვაროსნებთან“ დაპირისპირებას დანაკლისით ხვდება - ლუის დე ლა ფუენტეს გუნდს ლამინ იამალი გამოაკლდა.

„ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამედიცინო შტაბი გაკვირვებასა და უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ 10 ნოემბერს, ეროვნული ნაკრების შეკრების დაწყების დღეს, დილის საათებში, იამალს საზარდულის ტრავმის გამო მკურნალობის ინვაზიური პროცედურა ჩაუტარდა.

პროცედურა ისე ჩატარდა, რომ ნაკრების სამედიცინო შტაბს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. სამედიცინო შტაბმა მოხსენება გუშინ საღამოს, 22:40-ზე მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული პროცედურის შემდეგ ფეხბურთელისთვის 7-10-დღიანი დასვენება არის რეკომენდებული,“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება 15 ნოემბერს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.