იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა გახდება

ჯოვანი მანა

იტალიური გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის თანამდებობას ჯოვანი მანა დაიკავებს.

ამჟამად იტალიის მოქმედი ჩემპიონის სატრანსფერო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი მაურო მელუზოა, თუმცა მისი მუშაობით კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უკმაყოფილოა.

ჯოვანი მანასთან „ნაპოლიმ“ სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია და უახლოეს მომავალში მხარეებს შორის კონტრაქტიც გაფორმდება. შესაბამისად, მელუზო თანამდებობას დატოვებს.

მანა ტურინის „იუვენტუსის“ 23-წლამდელთა გუნდის მენეჯერი იყო, შემდეგ კი კლუბის სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის ასისტენტი გახდა. ეს უკანასკნელი მანამდე „ნაპოლიში“ მუშაობდა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიც სწორედ მის სახელს უკავშირდება.

გარდა სპორტული დირექტორისა, იტალიური მედიის ცნობით, მომავალ სეზონში „პარტენოპეის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე