გიორგი მიქაუტაძის გოლი - „ლიონმა“ საფრანგეთის ჩემპიონატში „რენი“ დაამარცხა

გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძემ მცირე სათამაშო დრო მიიღო „ლიონის“ რიგებში, თუმცა, ამის მიუხედავად, გუნდს საფრანგეთის ლიგა 1-ში „რენის“ დამარცხებაში მორიგი გოლით დაეხმარა – 4:1.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე მხოლოდ 76-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის „ლიონი“ ფოფანას (8’), ტოლისოსა (25’) და ლაკაზეტის (39’) გოლებით 3:1 იგებდა. ქართველმა თავდამსხმელმა მიღებული წუთები გამოიყენა.

მიქაუტაძემ მოედანზე შესვლიდან 49 წამში გამოიჩინა თავი. მან შეტევა მოედნის ცენტრიდან წამოიწყო, რაიან ჩერკისთან კომბინაცია გაითამაშა და ეფექტური დარტყმით ანგარიში 4:1 გახადა.

ლიგა 1-ის 31 ტურის შემდეგ „ლიონი“ 54 ქულით მეოთხე ადგილზეა (ჩემპიონთა ლიგის ზონაში), ქართველ თავდამსხმელს კი 10 გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა აქვს.