„ფესვებს არ წყდებიან...“ - რას ამბობენ კვარაცხელიაზე სოფელში, სადაც ის გაიზარდა

kvara

ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველი 21 წლის ხვიჩა კვარაცხელია წალენჯიხაში, მშობლიურ სოფელ ნაკიფუში, ბოლოს ნაპოლში წასვლამდე იმყოფებოდა.

„ჩამოსული იყო ხვიჩა ძმებთან და მშობლებთან ერთად. მათ ძალიან უყვართ სოფელი და როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ, ეგრევე მოდიან წალენჯიხაში. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩას აქ სკოლაში არ უსწავლია, განსაკუთრებით უყვარს აქაურობა“,- გვეუბნება ხვიჩას ოჯახის ნათესავი ლადო კაკაჩია.

ოჯახის ახლობლის თქმით, ხვიჩას ბავშვობიდან ეტყობოდა, რომ მამის, ასევე ფეხბურთელის ბადრი კვარაცხელიას გზას გაჰყვებოდა.

„სოფელს ეამაყება ხვიჩას ოჯახი. მის ყველა წარმატებას და თამაშს თვალს ვადევნებთ და ერთად ვუყურებთ, ერთად ვიკრიბებით... მათ სახლში ამჟამად არავინ ცხოვრობს, მაგრამ ფესვებს არ წყდებიან, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, ჩამოდიან“, - ამბობს კაკაჩია.

კვარაცხელიას ეროვნული გუნდის მაისურით 17 შეხვედრაში რვა გოლი აქვს გატანილი.

ბათუმის „დინამოში“ ხვიჩამ სამი თვე გაატარა. 2022 წლის პირველი ივლისიდან კი ის იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდა. გავრცელებული ცნობით, კლუბმა 21 წლის ფეხბურთელთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და იტალიელებს მისი შეძენა 10 მილიონი ევრო დაუჯდათ.

იტალიში ხვიჩა განსაკუთრებით უყვართ ქართველ ემიგრანტებს.

„ხვიჩამ სახელი გაუთქვა ჩვენს ქვეყანას, ჩვენი სიამაყეა ეს ბიჭი და ჩვენი ღირსება... სულ უფრო ხშირად გვეკითხებიან იტალიელები, სად მდებარეობს ხვიჩას სამშობლო, განა ეს ცუდიაა?!“, - გვეუბნება ემიგრანტი მაია კილავა.

ხვიჩას შესახებ ლაპარაკობენ და წერენ ვეტერანი ფეხბურთელები თუ კომენტატორები. მათ შორისაა გარი ლინეკერი, ინგლისის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი.

„შეგიძლიათ მიწოდოთ კვარა, მაგრამ მე კვარაცხელია ვარ“, - ამბობს ხვიჩა.

თავად ხვიჩა კვარაცხელია არ გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით და იშვიათად იძლევა ინტერვიუებსაც.