კვარაცხელიამ იტალიელებს დავით ყიფიანი გაახსენა - რა წერია Fanpage.it-ის სტატიაში

კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავად თამაშს განაგრძობს. 7 სექტემბერს, "კვარამ" ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი საგოლე პასით აღნიშნა. გარდა ამისა, მეტოქე გუნდის მცველებს მისი შეჩერება ძალიან უჭირდათ.

ამჯერად ჩვენებურის შესახებ იტალიური გამოცემა Fanpage.it ვრცელ სტატიას აქვეყნებს და ქართული საფეხბურთო სკოლის ხარისხზე წერს.

"ხვიჩა კვარაცხელია სრულყოფილი ფეხბურთელია: ფიზიკური სიძლიერე, ტექნიკა, სისწრაფე, გამძლეობა, თამაშის სწორი ხედვა. რა თქმა უნდა, რთულია მოთამაშე მხოლოდ 5 მატჩით შეაფასო, თუმცა ძნელია "კვარას" თამაშით არ აღფრთოვანდე.

ქართველმა 7 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა, თუმცა ეს არც კი შეიმჩნია, მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს სხვაობას ქმნიდა და "ლივერპულის" მცველებს უშანსოდ ტოვებდა.

როდესაც "კვარას" უყურებ, მისი თამაშის ყოველი წამით აღფრთოვანებული ხარ. ხვიჩა ყოველ მოძრაობაში უდიდეს ენერგიას დებს და არასდროს ჩერდება, მეტოქის დაჩაგვრის სურვილი კი თითქოს ხასიათში აქვს გამჯდარი. 

"ნაპოლის" და ზოგადად, იტალიური ფეხბურთის ქომაგები, მიჩვეულნი არიან სუსტ, გამხდარ ტექნიკურ მოთამაშეებს. ხვიჩა ამ მხრივაც განსხვავებულია, ქართველი 183 სანტიმეტრსა და 70 კგ-ზე მეტს იწონის, ათლეტური აღნაგობა აქვს და ფიზიკურად შესანიშნავადაა მომზადებული, რაც "ლივერპულთან" ჯო გომესის წინააღმდეგაც დაამტკიცა.

სწორედ ეს ჩამოთვლილი თვისებები აქცევს კვარაცხელიას მსოფლიო დონის მოთამაშედ. 21 წლის ფეხბურთელი იმ საფეხბურთო სკოლის წარმომადგენელია, რომელსაც მაღალი კლასის მოთამაშეები უნახავს, მაგალითად, დავით ყიფიანი, თბილისის "დინამოსა" და ქართული ფეხბურთის 70-იანი წლების ლეგენდა. არ უნდა გამოგვრჩეს გარემარბის გამძლეობაც, "ლივერპულთან" მუდმივად ფლანგურ გარღვევებს ახორციელებდა.

შეცვლამდე ცოტა ხნით ადრე თანაგუნდელსაც დაეხმარა და სიმეონეს სადებიუტო გოლი გაატანინა, რაც კარგი სავიზიტო ბარათია" - წერს გამოცემა.

წყარო: sportall.ge