1692302192
ევროპის ჩემპიონატზე დღეს ოთხი ქართველი იჭიდავებს

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში დღეს იწყება ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. პირველ დღეს მედლების მოპოვებას გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე (ორივე – 66 კგ) და ჯულიეტა როდონაია (48 კგ) შეეცდებიან.
60 კგ-ში გიორგი სარდალაშვილი მეორე წრეში უნგრელ მარტონ ანდრასისა და ბულგარელ ივან სიმეონოვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილის მეტოქე გერმანელი მარტინ სეტცი იქნება, თემურ ნოზაძე კი უკრაინელ ნაზარ ვისკოვთან იჭიდავებს.
ქალთა 48 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჯულიეტა როდონაია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) სახელით გამომსვლელ მარინა ვორობიოვას შეხვდება.
ევროპის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები ილია სულამანიძემ (100 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლაშა ბექაური (81 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.