„დილის 6 საათზე ბაზაზე მიდიოდა, ბრუნდებოდა, ჭამდა, წყალს ივლებდა და სკოლაში მიდიოდა...“ - ბადრი კვარაცხელია ხვიჩაზე

კვარა

ბადრი კვარაცხელია შვილის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს. უფროსი კვარაცხელია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ფეხბურთისადმი დიდი ინტერესი და სიყვარული, ხვიჩა სკოლაშიც წარმატებული იყო.

„პატარაობისას ფეხბურთის გარდა, არაფერზე ფიქრობდა. მეზობლებს არ ასვენებდა. როცა დასავლეთიდან თბილისში ჩამოვდიოდით, ეზოში ვერც ერთ ბავშვს ნახავდით, ერთ წრეს დაარტყამდა და 10 ბავშვი მოჰყვებოდა. კორპუსის ქვეშ, სადაც ახლა ვცხოვრობ, კედელია, ფანჯარა არაა და იქ ურტყამდნენ ბურთს. ხმაური რომ იყო, მეზობლები ამბობდნენ, კვარაცხელიები ჩამოვიდნენო. 

როცა „დინამოში“ იყო, დილის 6 საათზე დგებოდა, მიდიოდა პირველი ავტობუსით ბაზაზე, შემდეგ ბრუნდებოდა სახლში, ჭამდა, წყალს გადაივლებდა და სკოლაში მიდიოდა. ზამთრის პერიოდი იყო, ღამე, თავს არ გვაცილებინებდა, სადარბაზოსთან ჩავდიოდი, ვხედავდი, რომ გზაზე გადადიოდა, სანამ 10-15 წუთი ტრანსპორტს ელოდა, ფანჯრიდან ვუყურებდი. უნდოდა ფეხბურთის თამაში, ძალიან კარგადაც სწავლობდა სკოლაში.

სკოლიდან როგორც კი მოდიოდა, გაკვეთილებს ამზადებდა, მერე ეზოში ჩადიოდა. სულ ბურთი... ჩემზე მაგარი გამოდგა, მაჯობა (იცინის).“ - ამბობს კვარაცხელია გადაცემაში „სარბიელის პოდკასტი“.