„დაანებეთ თავი ამ კვარაცხელიას... ჟირუმაც ვერ გაიტანა. ლამის ორი მაგხელაა ასაკით, არა მგონია, ვინმე ურჩევდეს საქმეს... " - რას წერს თორნიკე შარაშენიძე

შარაშენიძე ხვიჩაზე

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი „ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის 1:1 დასრულდა, ნეაპოლური გუნდი ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მატჩის მე-80 წუთზე დი ლორენსოს ჩაწოდება ტომორის ხელზე მოხვდა და მსაჯმაც პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ხვიჩამ დაარტყა და მენიომ მოიგერია. „გაფუჭებულ“ პენალტს ხვიჩას მისამართით კრიტიკა მოჰყვა.

 

გუშინდელ მატჩს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ეხმიანება.

გუშინდელ თამაშზე საქართველო-გერმანიის მატჩი გამახსენდა. ადრეულ 90-იანებში რომ გაიმართა ის.
ეს მატჩი დიდგორიაო, გამოაცხადეს მაშინდელმა ინფლუენსერებმა. ისედაც დათრგუნულები ჩვენი ბიჭები ამან საერთოდ დასტრესა.

შოთა არველაძე ერთი-ერთზე გავიდა, მაგრამ ისე ნერვიულობდა, ბურთი მეკარეს ჩააბარა. გერმანიამ 2:0 მოგვიგო და მშვიდად დაბრუნდა სახლში. მალე ევროპის ჩემპიონატიც მოიგო. ჩვენ კი ვცხოვრობდით 90-იანების საქართველოში და რატომღაც ნაკრებს გერმანიასთან მოგებას ვთხოვდით.

ჰოდა იმის თქმა მინდა რომ დაანებეთ თავი ამ კვარაცხელიას. ამ ასაკისთვის უკვე ბევრს მიაღწია. ნუ დასდევთ უკან და ნუ ამოწმებთ ვის ნახავს და ვის არა. ნუ მისჩერებიხართ პირში და ამოწმებთ რას იტყვის და რას არა. მოასვენეთ. პატარა ბიჭია, ჩემპიონთა თასის შვიდგზის მფლობელს ვერ გაუტანა პენალტი. იმავე თამაშში აგერ ჟირუმ ვერ გაიტანა. ლამის ორი მაგხელაა ასაკით, მსოფლიო ჩემპიონია და საფრანგეთის ყველა დროის ბომბარდირი. მაგრამ არა მგონია ჟირუს ვინმე ურჩევდეს დღეს საქმეებს.

ბოდიში თუ ჭკუის დარიგება გამომივიდა, მაგრამ დამღალა ამ დაუსრულებელმა დიდგორობამ ფეხბურთში“,- წერს შარაშენიძე.