„ბევრს ვმუშაობ, რათა მეტოქეებისთვის ყოველთვის არაპროგნოზირებადი ვიყო“ - კვარაცხელია

kvaracxelia

ცნობილმა ტელეარხმა, Dazn-მა ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა და მას ვიდეო მიუძღვნა, რომელიც პირდაპირ ეთერში 28 დეკემბერს გავა. 

მანამდე, იტალიურ პრესაში ინტერვიუს ფრაგმენტი გავრცელდა. 

„დრიბლინგი  და ჩემი თამაში? ეს არაა, რისი სწავლაც ვარჯიშზე ან ვიდეოების ყურებით შეიძლება. ყველაფერი, რასაც ჩემი მეტოქეები ჩემს სათამაშო სტილთან დაკავშირებით სწავლობენ და მისი ანალიზის შემდეგ იგებენ, არაფერში გამოადგებათ. ბევრს ვმუშაობ და მოედნის მიღმა ვემზადები, რათა ყოველთვის არაპროგნოზირებადი ვიყო“, - თქვა კვარამ.

ცნობისთვის, დღეს, „კვარაზე“ მისმა ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ისაუბრა.

„მეტსახელ „კვარადონაში“ საშიში არაფერია. ხვიჩა მორცხვი ბიჭია და თავბრუ არ დაეხვევა. მას კარგი გარემოცვა ჰყავს და მარადონას არაფრით ჩამოუვარდება. ფიზიკური მონაცემების მხრივ, მის დონეზე იმყოფება. მასზე სუსტად არ დარბის და შესაძლოა, დისტანციაზე უფრო სწრაფიც იყოს. ხვიჩა მეტოქეების უხეშობებისადმი უფრო ამტანი გახდა. რუსეთში, ყოველი შეჯახების შემდეგ, ეცემოდა, იწვა და ექიმს ელოდებოდა, აქ კი ეს ყველაფერი მოიშორა“- განაცხადა სიომინმა.