„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან

ხვიჩა კვარაცხელია

 

კატალონიური გამოცემა Sport-ი, რომელიც „ბარსელონასთან“ დაკავშირებით ინსაიდერული ინფორმაციის გავრცელებით არის ცნობილი, „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის შესახებ წერს. გამოცემის ინფორმაციით, კვარას გარემოცვასა და „ბლაუგრანას“ წარმომადგენლებს შორის კონტაქტი ნამდვილად შედგა, თუმცა ამ ეტაპზე „კამპ ნოუზე“ ქართველის ტრანსფერს რამდენიმე ფაქტორი აფერხებს. რას წერს Sport-ი: „ბარსელონა“ ინფორმირებულია კვარას კონტრაქტის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების ყველა დეტალის თაობაზე. კლუბის ამოცანა ზაფხულში მარცხენა გარემარბის შეძენაა, თუმცა კვარაცხელიას საკითხზე კონკრეტული ნაბიჯები „ბლაუგრანას“ არ გადაუდგამს. კლუბში შიშობენ, რომ „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში ნეაპოლური კლუბი კვარას სანაცვლოდ ძალიან დიდ თანხას მოითხოვს, ვინაიდან „პარტენოპეის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს „არაპროგნოზირებადი და რთული მომლაპარაკებლის“ რეპუტაცია აქვს. ამიტომ ამ ეტაპზე კატალონიური კლუბი საქმეზე გადასვლას არ აპირებს და ელოდება, რომ ქართველი ფეხბურთელი თავად გამოთქვამს ნეაპოლის დატოვების სურვილს. ნებისმიერ შემთხვევაში, „ბარსელონა“ კვარას სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს, ვინაიდან ქართველს კონტრაქტი ორ წელიწადში ეწურება. მათ მოსწონთ ხვიჩა, როგორც ფეხბურთელი, და სჯერათ, რომ ის ჰანსი ფლიკის პროექტში ორგანულად ჩაჯდება, თუმცა „ბარსა“ არ აპირებს მასში არარეალური ფასის გადახდას ან სხვა კლუბებთან კონკურენციაში შესვლას. კლუბში მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელმა უნდა დაამტკიცოს, რომ „ბარსელონაში“ თამაში სურს, და განახორციელოს ზეწოლა კლუბზე, რათა ტრანსფერი საბოლოოდ შედგეს“.