4 ნივთი, რაც უნდა დადოთ საახალწლო სუფრაზე, რომ იღბლიანი წელი გქონდეთ
1795033323
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ემოციურ მიმართვას ავრცელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
ლევან კობიაშვილი გულშემატკივართა სამართლიან იმედგაცრუებაზე წერს და ამბობს, რომ წარმატებისთვის საჭიროა შეცდომების აღიარება და ახალი ბრძოლისთვის მზადყოფნა.
"პირადად ჩემთვის ეს შედეგი განსაკუთრებით გულდასაწყვეტია. მტკივნეულია იმის გააზრება, რომ სწორედ ამ გუნდის უმრავლესობა სულ ცოტა ხნის წინ იყო იმ უდიდესი საფეხბურთო ზეიმის მონაწილე, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც გვაჩუქეს დაუვიწყარი ემოციები, სიამაყის განცდა და რწმენა იმისა, რომ ერთად შეუძლებელი არაფერია. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი იმედგაცრუება კიდევ უფრო მძიმე. ჩვენ ვიცით, რისი გაკეთება შეუძლია ამ გუნდს და გვჯერა, რომ მისი შესაძლებლობები გაცილებით მეტია, ვიდრე ბოლო შედეგებმა გვაჩვენა.
ამ მატჩებმა დაგვანახა, რომ საერთო მიზნის მისაღწევად აუცილებელია თითოეული ადამიანის მაქსიმალური პასუხისმგებლობა, სწორი დამოკიდებულება, შეუპოვრობა, ყოველდღიური შრომა და ბოლომდე ბრძოლის სურვილი. გუნდურ წარმატებას თითოეული ადამიანის წვლილი ქმნის და როდესაც შედეგი არ მოდის, ყველამ უნდა შევძლოთ საკუთარ თავში იმ მიზეზების დანახვა, რომელთა შეცვლაც ჩვენს ძალებშია.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდმა შეძლოს ამ მარცხის ღირსეულად მიღება, ტკივილის სწორ მოტივაციად გარდაქმნა და ახალი ენერგიით დაბრუნება. უნდა დავივიწყოთ წარუმატებლობა, მაგრამ არასდროს უნდა დავივიწყოთ ის გამოცდილება, რომელიც ამ პერიოდმა მოგვცა. მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა", - წერს ლევან კობიაშვილი.
შეგახსენებთ, B2 ჯგუფის ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა გათამაშება ორი ქულით, გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა და ანტირეკორდი დაამყარა.