პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1752693142
ქალთა ფეხბურთის ისტორიაში ორი რეკორდი დამყარდა, რომლის გმირებიც სოხუმის „დინამო“ და გუნდის თავდამსხმელი ლიზი კაკულია გახდნენ.
საუბარია საქართველოს ქალთა ლიგა 2-ის მე-15 ტურის მატჩზე, სადაც სოხუმის „დინამომ“ ახალციხის „ზარზმა“ 36:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ლიზი კაკულიამ ერთ მატჩში 19 გოლის გატანა შეძლო.
ორივე მაჩვენებელი უნიკალურია — ქალთა ფეხბურთის ისტორიაში 36-ბურთიანი სხვაობით აქამდე არც ერთ გუნდს არ მოუგია, ხოლო ერთ მატჩში 19 გოლიც უნიკალური რეკორდია.
„ლიზი კაკულია აფხაზეთიდანაა დევნილი. მისი პირველი გუნდი სწორედ სოხუმის „დინამო“ გახლდათ. ლიზის ჩვენი გუნდის მაისური 2022 წლიდან აცვია და ამ წლების განმავლობაში 90 მატჩი ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ ლიზი 2025 წლის ქალთა ეროვნული ლიგა 2-ში 15 ტურის შემდეგ ბომბარდირია — 14 შეხვედრაში 59 გოლი გაიტანა. წინ კი კიდევ 11 მატჩია დარჩენილი“, — აღნიშნულია სოხუმის „დინამოს“ განცხადებაში.
რეკორდებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სოხუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, დავით თაქთაქიშვილმაც: „ეს არა მარტო საქართველოს, მსოფლიო რეკორდიცაა. ერთ მატჩში 16 გოლი შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა, ჯული ფლიტინგმა გაიტანა. ახლა ეს რეკორდი ლიზი კაკულიამ მოხსნა. ჩემთვის სასიამოვნოა, რომ ლიზი 12-13 წლიდან ჩემს გუნდშია“.
სოხუმის „დინამო“ ქალთა ლიგა 2-ში 15 ტურის შემდეგ 36 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ნორჩებს“ ორი ქულით ჩამორჩება.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1752693142