„შვილმკვდარ, გაუბედურებულ დედას გლოვას არ მაცდიან, კიდევ მცემენ და ძალადობენ“ - უმძიმეს ისტორიაზე ქალი დუმილს არღვევს

ქალი

"შვილმკვდარ, გაუბედურებულ დედას გლოვას არ მაცდიან, კიდევ მცემენ და კიდევ ძალადობენ. შვილებს რა ვუყო, როგორ დავტოვო ამ ხალხთან, რომლებიც მუდმივად ჩაგრავენ და როგორ წავიდე სასიკვდილოდ უცხო მიწაზე?!" - ასე იწყებს თავისი მძიმე ისტორიის თხრობას "პრაიმტაიმთან" ნაირა გურეშიძე, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. 

როგორც ის ამბობს, ოჯახის შექმნიდან მალევე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო, ძალადობა ახლაც გრძელდება, თუმცა წრე გაფართოვდა და ამჯერად, ის მულის შვილმა სცემა... 

მსხვერპლის ერთადერთი ტრაგედია მხოლოდ ეს არ არის - 2009 წელს უმცროსი შვილი, 14 წლის მალხაზი დაკარგა... მერე ემიგრაციის წლები იყო, დაბრუნება და ისევ ემიგრანტობა, მერე გარდაცვლილი შვილის შესახებ ინფორმაციის მიღების ერთადერთი გზა - ქმრის ოჯახში დაბრუნება...  

"ყოველთვის არეული მქონდა ოჯახი. დედამთილმა არ მიმიღო და გათხოვებიდან დღემდე უმძიმეს მდგომარეობაში ვართ მე და ჩემი შვილები... ოთხი შვილის დედა ვიყავი, სამი გოგოსი და ერთი ბიჭის... ბედმა დაოჯახების სიმწარე არ მაკმარა და 2009 წელს ჩემმა შვილმა, მალხაზიმ 14 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რა თქმა უნდა, არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ მე ამ ფაქტს ფსიქოლოგიურ წნეხს ვუკავშირებ, რომელსაც ჩემმა შვილმა ვერ გაუძლო - მას ჩემი დედამთილი სულ ბ@@@შვილს ეძახდა... 

იმ დროს, მე ქმრის ოჯახიდან წასული ვიყავი, გამუდმებით მცდემდა და ვეღარ გავუძელი. თბილისში სამუშაოდ გადმოვედი, დღიურად სახლებს ვალაგებდი და ფულს შვილების საჭმლისთვის ვაგროვებდი. 

ჩვენ ხონის რაიონში, ჩაის მეურნეობაში ვცხოვრობდით... როცა ეს საზარელი ამბავი მოხდა, ჩემმა დამ მითხრა, საბერძნეთში ჩემთან ჩამოდი, ვერ გაუძლებ შვილის დაკარგვის ტკივილსო. ისე ვიყავი არეული, ცხედრის ექსპერტიზაზე უარი ნებით ვთქვი, ახლა ამას რა თქმა უნდა, ძალიან ვნანობ. 

საბერძნეთიდან რამდენიმე წელში დავბრუნდი, უფროსი გოგო დაოჯახდა და უნდა ჩამოვსულიყავი. მერე მეორედ ისევ ემიგრაციის გზას გავუყევი და უმცროს შვილებს ბებია იმდენად ცუდად ექცეოდა, რომ მათ გამო პანდემია რომ იწყებოდა, მაშინ დავბრუნდი.

მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად დამცირებას, შეურაცხყოფას და ათას უბედურებას ვიტან, გამიზნულად ქმრის ოჯახში ჩამოვედი. იმედი მაქვს, ვინმეს სინდისი შეაწუხებს და ჩემი პატარა მალხაზის ტრაგედიაზე ალაპარაკდებიან, იტყვიან ბოლოს და ბოლოს რამ მიიყვნა ამ ზომამდე... 

ჩემი 94 დედამთილი მუდმივად უკმაყოფილოა, ვერც მე მიტანს და ვერც ჩემს შვილებს, მუდმივად ჩვენს წყევლაშია. ქმარს ჩემს წინააღმდეგ განაწყობს და ისიც ჩემზე ძალადობს. ძაღლს არ ექცევიან ისე, როგორც - მე. მხოლოდ ქმარი და დედამისი არ არის ჩემი პრობლემა - რამდენიმე დღის წინ სახლში სტუმრად მულის შვილი თავის ახლობელთან ერთად მოვიდა და  დამალურჯეს, ისე მცემეს. მერე პატრული თვითონ გამომიძახეს და ხელწერილი ისევ მე დამაწერინეს, თითქოს მე შევიჭერი მათ სახლში და მე დავესხი თავს... ასეთია აქაური სამართალი... 

ამ ფაქტს წინ ჩვენი სიტყვიერი შეურაცხყოფა უძღოდა, რომელიც ჯერ კიდევ საბერძნეთში ცხოვრებისას მოხდა... შვილიშვილის ფოტო გამიჭრეს და საყვედური ვთქვი, მულის შვილს ამის გამო ბოდიშის მოხდა მოვთხოვე... ახლა, ჩემი მული ალაპარაკდა, მე მშობლების ოჯახიდან წილი არ წამიღიაო და მგონი, ეს კონფლიქტებიც ქონებას უკავშირდება, ზუსტად არ ვიცი, რას მერჩიან. 

თუ რამეს ნახავენ, მოვიდნენ და წაიღონ, მე ამის პრობლემა არ მაქვს. შვილმკვდარ, გაუბედურებულ დედას გლოვას არ მაცდიან, კიდევ მცემენ და კიდევ ძალადობენ. სამართალი ვერსად ვნახე, ვერსად მოვისვენე და ვერსად დავმშვიდდი. შვილებს რა ვუყო, როგორ დავტოვო ამ ხალხთან, რომლებიც მუდმივად ჩაგრავენ და როგორ წავიდე სასიკვდილოდ უცხო მიწაზე?! არა და, სხვა გამოსავალს, არც პოლიცია მიტოვებს და არც ოჯახი, არც ის მდუმარე ხალხი, ვინც იცის ჩემი მალხაზის ამბავი და დუმილს ამჯობინებენ." - ამბობს ნაირა გურეშიძე.