1734793091
ჰოლივუდური სკანდალი გრძელდება - P Diddy-ს დაჭერის შემდეგ პროკურატურაში რამდენიმე სარჩელი შევიდა
ნარკოტიკების მოხმარება, ტრეფიკინგი, ძალადობა, შანტაჟი – ბოლო რამდენიმე დღეა ცნობილი ამერიკელი რეპერის, შონ კომბსის იგივე, ფი დიდის საქმე მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.
რეპერი ამჟამად დაკავებულია. რა გახდა დაკავების მიზეზი – ამის შესახებ სოციალურ ქსელებში ბევრს წერენ, თუმცა ვრცელდება დეზინფორმაციაც. რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ „დიდის“ წინააღმდეგ საქმე ორი მიმართულებითაა აღძრული, როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის.
მას შემდეგ, რაც P Diddy დაიჭირეს, პროკურატურაში რამდენიმე სარჩელი შევიდა. დაზარალებულები საუბრობენ ჯგუფური ძალადობის მეთოდებზე. მათი დიდი ნაწილი რეპერისა და მისი გარემოცვის ხელში მოტყუებით მიღებული ნარკოტიკული საშუალებების შემდეგ ხვდებოდნენ. გამოფხიზლებისას, ზოგიერთი მათგანი იყო ხელშეკრული და სრულიად შიშველი. მათ ცემასა და გაუპატიურებას Diddy კამერებით იღებდა და, როგორც საჩივრებში ვკითხულობთ, ვიდეომასალას პორნოგრაფიად ყიდდა. ელის გრეივი დაზარალებულთა შორისაა, მას 20 წლის წინანდელი ძალადობის კვალი დღემდე ფიზიკური და მენტალური ტრამვების სახით თავს ყოველდღიურად ახსენებს.
P Diddy-ის წინააღმდეგ სარჩელი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში რეპერის შეყვარებულმა კესი ვინტურამ შეიტანა, თუმცა კესიმ სარჩელი რამდენიმე დღეში გამოიტანა და მათი დაპირისპირებაც დაივიწყეს. რეპერის რეპუტაცია ეჭვქვეშ მაშინ დადგა, როდესაც CNN-მა ექსკლუზიურად მოპოვებული ძალადობის ამსახველი კადრები გაავრცელა. რეიდები ჩაატარა საგამოძიებო უწყებამ დიდის ორ სახლში, საიდან ამოღებული ნივთმტკიცებულებებიც მიანიშნებდა ბევრად მძიმე დანაშაულებზე, რომელსაც რეპერი არ აღიარებს.