Exclusive: გერმანულ „ვოისში“ ქართველი მომღერალი მონაწილეობს - გაიცანით, ლიზი გოგუა

lizi gigauri

გერმანულ „ვოისში“ ქართველი მომღერალი მონაწილეობს. 18 წლის ლიზი გოგუას პირველ გამოსვლას, მაყურებელი 1 სექტემბერს იხილავს.

როდის დაიწყო სიმღერა, როგორ მოხვდა გერმანიაში და რა გზა გაიარა „ვოისში“ მოსახვედრად, ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად, „პრაიმტაიმმა“ მომღერალთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ლიზი, საქართველოდან გერმანიაში ორი წლის წინ გაემგზავრა. ამის მიზეზი მამის ავადმყოფობა გახდა. როგორც მომღერალი ამბობს, 18 წლის გოგონასთვის სამშობლოს დატოვება ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ მადლიერია, რომ გერმანიაში ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა მიეცა.

„როგორც იქნა, უკვე შემიძლია ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო - გერმანული „ვოისის“ თავგადასავლიდან ცოტა რამ გაგიზიაროთ“, - ამბობს ლიზი „პრაიმტაიმთან“ საუბარში და დიდი მიზნისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს იხსენებს.

„მოგეხსენებათ „ვოისი“ საერთაშორისო პროექტია და ყოველთვის თვალს ვადევნებდი სხვადასხვა ქვეყნის „ვოისებს“. გამოგიტყდებით და ამ პროექტში მონაწილეობა ჩემი ოცნება იყო. როცა გერმანიაში ჩამოვედი საცხოვრებლად, ძალიან რთული პერიოდი მქონდა. არ ვიცოდი ენა და პირველ ეტაპზე მიზნად დავისახე გერმანულის შესწავლა. ძალიან განვიცდიდი, რომ ვერ ვახერხებდი სიმღერაში მეცადინეობას ისე, როგორც ამას საქართველოში ვაკეთებდი. არავის ვიცნობდი, აღარ მქონდა კონცერტები და არ ვიცოდი, საიდან უნდა დამეწყო უცხო ქვეყანაში ჩემი მუსიკალური მიზნების განხორციელება.

როცა ენას კარგად დავეუფლე და შემეძლო გერმანულად კომუნიკაცია, ვცადე ბედი და გავაგზავნე ჩემი ნამღერის ვიდეოები პროექტში. გაგზავნიდან ერთ თვეში მომივიდა წერილი, სადაც ეწერა, რომ ჩემი ნამღერი ძალიან მოეწონათ და ბერლინში, კასტინგზე მელოდებოდნენ, სადაც 3 სიმღერა უნდა მემღერა.

კასტინგმა ძალიან კარგად ჩაიარა და რამდენიმეთვიანი ნერვიულობის შემდეგ, დამირეკეს და მითხრეს, რომ ბრმა კასტინგზე მელოდებოდნენ სტუდიაში.

 

პირველი ტურის - ბრმა კასტინგის ჩაწერა უკვე იყო, გერმანიაში ეთერში 1 სექტემბერს გავა. მოუთმენლად ველოდები, მსმენელის რეაქციას ჩემი გამოსვლის შემდეგ.“ - ამბობს ლიზი.

მუსიკასთან შეხება ბავშვობიდან აქვს. სანამ საუბარს დაიწყებდა, პირველად საქართველოს ჰიმნის მელოდია წაიმღერა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ მშობლები პატარა ლიზის მუსიკას აქტიურად ასმენინებდნენ.

„მუსიკასთან შეხება დაბადებიდან მაქვს, რაც დედაჩემის დიდი დამსახურებაა. ყოველთვის მასმენინებდა და მაყურებინებდა კონცერტებს. სანამ ლაპარაკს დავიწყებდი ნორმალურად, პირველად საქართველოს ჰიმნის ღიღინი დამიწყია. პროფესიონალურად სიმღერის და მუსიკის შესწავლა დავიწყე 5 წლიდან. ჩემი პედაგოგის, მეკო ქავთარაძისა და მშობლების დამსახურებით. ხშირად მქონდა კონცერტები საქართველოში და საზღვარგარეთაც.

გერმანიაში 2 წლის წინ ჩამოვედი. მიზეზი მამაჩემის ავადმყოფობა გახდა. აქ სამკურნალოდ ჩამოვიდნენ ჩემი მშობლები, მაგრამ შემდეგ დარჩენა მოუწიათ და მეც გადავწყვიტე ერთი წლის შემდეგ ჩემი მშობლებთან ჩამოსვლა. მას შემდეგ აქ ვარ.“ - ამბობს ლიზი.

„პრაიმტაიმი“ აქტიურად მიადევნებს თვალ-ყურს ქართველი მომღერლის გამოსვლებს გერმანულ „ვოისში“, სიახლეებს პერიოდულად შემოგთავაზებთ.