Euphoria-ის მე-3 სეზონი 2025 წლამდე არ გამოვა

ეიფორია

HBO-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Euphoria-ს მე-3 სეზონს მაყურებელი 2025 წლამდე ვერ იხილავს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ამის ერთ-ერთი მიზეზი ამერიკის სცენარისტთა გილდიის გაფიცვაა, რომელსაც Euphoria-ის შემქმნელი, სემ ლევინსონიც შეუერთდა. მეორე მხრივ კი, ლევინსონი HBO-ს ახალ სერიალ The Idol-ზე მუშაობს, რომელსაც მაყურებელი 4 ივნისს იხილავს. შეგახსენებთ, რომ ამერიკის სცენარისტთა გილდიის გაფიცვა აშშ-ში 2 მაისს დაიწყო. გაფიცულების მთავარი მოთხოვნა შრომითი უფლებების გაუმჯობესებაა.

Euphoria-ის მე-3 სეზონის გადაღებები 2023 წლის ზაფხულში უნდა დაწყებულიყო, თუმცა თარიღმა გაურკვეველი დროით გადაიწია. Euphoria-ის მე-2 სეზონი 2022 წლის თებერვალში დასრულდა, ზენდეიამ კი მთავარი როლის შესრულებისთვის 2 ემი მოიპოვა.

„Euphoria-ის გადაღებებს ვერ ვიწყებთ, ამიტომ იდეალურ შემთხვევაში, შოუ 2025 წელს დაბრუნდება. ეს იმით განისაზღვრება, თუ როდის შეძლებს სემ ლევინსონი სცენარზე მუშაობის გაგრძელებას", -განაცხადა HBO-ს წარმომადგენელმა, ფრანჩესკა ორსიმ.

გავრცელებული ინფორმაციით, Euphoria-ის მე-3 სეზონი წინა ორისგან განსხვავებული იქნება. ახალ სეზონში მოვლენები 5 წლის შემდეგ ვითარდება, პერსონაჟები კი სკოლის მოსწავლეები აღარ არიან. ასე რომ, წინ საინტერესო სეზონი გველოდება, თუმცა პრემიერის თარიღი კვალავ უცნობი რჩება.