1746733863
ინდოეთის მხრიდან განხორციელებულ დაბომბვას პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში ხუთი ადამიანი ემსხვერპლა - BBC

ინდოეთის მხრიდან განხორციელებულ დაბომბვას პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ადგილობრივი მედია წერს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვის შედეგად კიდევ შვიდმა ადამიანმა სხეულს დაზიანება მიიღო.
გავრცელებული ცნობით, დაბომბვა რამდენიმე რაიონში ადგილობრივი დროით 04:00 საათამდე გაგრძელდა.
მანამდე პაკისტანი სამხედრო დაპირისპირების შედეგად 31 ადამიანის დაღუპვის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას. პაკისტანის არმიაში აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ინდოეთის არმიის 77 უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პაკისტანის არმიამ კონტროლის ხაზზე სამი საკვანძო პუნქტი გაანადგურა.
პარალელურად, ინდოეთის მედია წერს, რომ ქალაქ ჯამუში ფარული შეღწევის მცდელობის დროს შვიდი ტერორისტი მოკლეს, რომლებსაც პაკისტანის სამხედროები უჭერდნენ მხარს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის კონტროლირებულ ქაშმირის ქალაქ ჯამუში აფეთქებების ხმა ისმოდა.