„ეშმაკს აცვია პრადა 2"-ის გადაღებები დაიწყო - მერილ სტრიპი და ენ ჰეთეუეი ბრუნდებიან

„ეშმაკს აცვია პრადა 2"

 მერილ სტრიპი, ენ ჰეთეუეი, ემილი ბლანტი და სტენლი ტუჩი ოფიციალურად ბრუნდებიან ფილმში - „ეშმაკს აცვია პრადა 2", რომლის გადაღებები უკვე დაიწყო.

2006 წლის საკულტო ფილმის ვარსკვლავებს ახალი წევრიც შეუერთდა - კენეთ ბრანა განასახიერებს მირანდა პრისტლის (მერილ სტრიპის პერსონაჟის) ქმარს, რომელიც მოდის ჟურნალ Runway-ის მკაცრი და მომთხოვნი მთავარი რედაქტორია. ფილმის გადაღების დაწყების შესახებ ინფორმაცია სტუდია 20th Century Studios-მა ინსტაგრამზე გავრცელებული თიზერით დაადასტურა, სადაც ორი "ეშმაკური" ქუსლიანი ფეხსაცმლის ვიზუალს ვხედავთ.

 ფილმი დაფუძნებულია ლორენ ვაისბერგერის 2004 წლის ამავე სახელწოდების ბესტსელერზე, რომელიც ჟურნალისტობაზე მეოცნებე ენდი საქსის (ენ ჰეთეუეი) ამბავს მოგვითხრობს - ის პრესტიჟულ მოდის ჟურნალში იწყებს მუშაობას და თავისი ოცნების ასახდენად ყოველდღიურად უწევს თავისი უსაზღვროდ მომთხოვნი ბოსის პრეტენზიებთან გამკლავება. წიგნი ნახევრად ავტობიოგრაფიულია - ვაისბერგერი Vogue-ის მთავარი რედაქტორის, ანა ვინტურის ასისტენტი იყო. სიმბოლურად, გასულ კვირას თავად ანა ვინტურმა დააანონსა, რომ 37 წლის შემდეგ ტოვებს Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოზიციას.

 ფილმის მეორე ნაწილის სიუჟეტური დეტალები ჯერ არ არის ოფიციალურად დადასტურებული, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ფილმი მოგვითხრობს მირანდა პრისლის კარიერულ გამოწვევებზე ტრადიციული ბეჭდური მედიის დაცემის ფონზე. ის დაუპირისპირდება ემილი ბლანტის პერსონაჟს — თავის ყოფილ ასისტენტს, რომელიც ახლა მაღალი დონის პოზიციაზე მშაობს მდიდრულ ბრენდში და ფლობს იმ სარეკლამო ბიუჯეტს, რომლისთვისაც პრისლი იბრძვის. უცნობია, როგორ ჩაერთვება ისტორიაში ენდი საქსი (ჰეთეუეის პერსონაჟი), რომელიც პირველი ფილმის ბოლოს Runway-ს ტოვებს და გაზეთში იწყებს მუშაობას.

ფილმის რეჟისორი დევიდ ფრენკელი, სცენარისტი კი ელინ ბროშ მაკკენა იქნებიან — პირველი ფილმის ავტორები.

ეშმაკს აცვია პრადა 2 კინოთეატრებში 2026 წლის 1 მაისს გამოვა.