„უდედოდ გაიზარდა, მამა ევლებოდა თავს... მკვდარი ვარ, განადგურებული...“ - რას ამბობს სკოლის დირექტორი შემზარავი ავარიის დროს გარდაცვლილ გოგონაზე

გეგუთში დაღუპული გოგო

წყალტუბოს რაიონის სოფელი გეგუთის მეორე საჯარო სკოლა ძალზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. "პრაიმტაიმთან" გაკეთებული კომენტარის თანახმად, მეხუთეკლასელი გოგონა, ანა-მარია ბაბუნაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას, გეგუთი-ქუთაისის გზაზე ემსხვერპლა. თანასოფლელების თქმით, მძიმეა გოგონას დის მდგომარეობა... ავტომობილში ისხდნენ გოგონების მამა და ბებიაც...

„გზიდან გადაგდებული იყო თხილში და ისე იყო დაზიანებული და დაჭეჭყილი, გარჩევა გაგვიჭირდა, თუ რა მანქანა იყო. გზა დაკეტილი იყო, სადღაც 2- 3 საათის წინ მოხდა და უმძიმესი კადრები ვნახეთ. სხვას ვერაფერს გეტყვით", - ამბობს გამვლელი შემთხვევის ადგილიდან.

როგორც "კვირის პალიტრამ" გაარკვია, გარდაცვლილი გოგონა ანამარია ბაბუნაშვილი წყალტუბოს სოფელ გეგუთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.

სკოლის დირექტორი, იზოლდა ფხაკაძე:

- ჩემი მოსწავლეა, ჩემი ლამაზი ანამარია ბაბუნაშვილი, მეხუთე კლასში დადიოდა. მკვდარი ვარ, განადგურებული ვარ, 37 წელია ამ სკოლაში ვმუშაობ და ეს პირველი შემთხვევაა მოსწავლის დაღუპვის, გავუბედურდი. საშინელება მოხდა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მამა, ბებია და მისი უმცროსი და კლინიკაში არიან გადაყვანილები. მამა ძალიან მძიმედ არის, ბებიას და დას არა უშავსო ამბობენ და არ ვიცი.

როგორ გაუბედურდა ოჯახი, რა უნდა ვთქვა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. უდედოდ გაიზარდა. დედ-მამა გაცილებულები არიან, დედამ მიატოვა ბავშვები და მამამ გაზარდა. თავს დაჰკანკალებდა თავის შვილებს. ყველაფერს უკეთებდა, არაფერს აკლებდა. მამა და ბებია ზრუნავდნენ ბავშვებზე. ჩემი ციმციმა გოგო, ჩემი ანგელოზი გოგო, არ შემიძლია, რა უნდა ვთქვა. მართლა ვერ ვლაპარაკობ. ძალიან მიჭირს ამის დაჯერება. ამბობენ, ვინც შეეჯახა ისინი მთვრალები იყვნენო და უკნიდან შეასკდნენ. ესენი თავიანთ გზაზე მიდიოდნენ. უკან დასჯახებია ის მანქანა.

ქუთაისში მიდიოდნენ, სახლში ბავშვების დამტოვებელი რომ არავინ ჰყავდათ, ერთად მიდიოდნენ. ანამარია ყოველთვის ყველა აქტივობაში იყო ჩართული. მეორე ბავშვი მესამე კლასელია, მამა მართლა ელოლიავებოდა, ისე გაზარდა. დედამ რომ მიატოვა ბავშვები, არავინ იცის, მას მერე სად არის. მამამისი მძიმედ არის, თუ გადარჩა, არ ვიცი, ამ ტკივილს როგორ გადაიტანს... ვერ გადაიტანს. თქვენ არ იცით, როგორ ზრუნავდა თავის შვილებზე, წარმოუდგენელია, რაც მოხდა. გაგვანადგურა ყველანი. ისეთი ლამაზი გოგო იყო ანამარია, ვერ შევძლებ ლაპარაკს.

როგორ ამბობენ ის დამნაშავეები არიან ვანიდან, გალეშილი მთვრალები იყვნენო და ამოწყვიტეს ოჯახი. თუ იმ მანქანის სპიდომეტრი 240 უჩვენებდაო, სად გარბოდა, როგორ ამოწყვიტა ეს უწყინარი ხალხი. როგორ მოგვიკლა ეს ულამაზესი ბავშვი?!", - ტიროდა სკოლის დირექტორი ქალბატონი იზოლდა და სვენებ-სვენებით გვიამბობდა ბავშვზე, რომელიც დამნაშავე მძღოლის დაუდევრობას შეეწირა...

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.