,,სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი" - ბოლო ცნობები რაჭიდან

შოვი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა 3 ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.

,,სტიქიის ადგილზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი იმყოფებიან და სამაშველო ღონისძიებას ხელმძღვანელობენ.

ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, რაჭაში მეწყერი ჩამოწვა, შემთხვევა სასტუმრო "სანსეტ შოვის" მიმდებარედ მოხდა. დაზიანებულია გზა.

ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადაარჩინა ახალგაზრდა ბიჭმა ბავშვი.

ამასთან, ვრცელდება მეწყერის გამო, ხიდის წაღების კადრებიც.