რუსთავში ავარიის დროს გარდაცვლილი 3 თვის ბავშვის დედა მართვით სუნთქვაზეა

რეანიმაცია

ავტოავარიას რუსთავში 3 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით შარტავას ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ერთ-ერთ მანქანაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა. ყველაზე პატარას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მძიმე მდგომარეობაშია დედა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავდა მეორე მცირეწლოვანი ბავშვიც, ის მრავლობითი დაზიანებებით თბილისში გადაიყვანეს, სტაბილურია მამის მდგომარეობა. მსუბუქი დაზიანებები მიიღო მეორე ავტომანქანის მძღოლმა.

ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

„ამ ავარიის შედეგად შემოყვანილია 4 პაციენტი. თოთო ბავშვი გარდაცვლილი შემოიყვანეს, ბავშვი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით გზაში გარდაიცვალა. მეორე მცირეწლოვან ბავშვს აქვს, ხელის მოტეხილობასთან ერთად, სხვა ტრავმებიც, რომელიც გადაყვანილი იქნა თბილისში.

რაც შეეხება ქალბატონს ტრავმულ შოკში იყო და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, მამაკაცი კი ობსერვაციაშია და მიმდინარეობს მასზე დაკვირვება“, - აცხადებს გადაუდებელი სამსახურის ექიმი გიორგი მოდებაძე.