ისრაელმა მოითხოვა, აღმოსავლეთ იერუსალიმში ბრიტანეთის საკონსულო 30 დღის განმავლობაში დაიხუროს - Reuters

ისრაელმა მოითხოვა, აღმოსავლეთ იერუსალიმში ბრიტანეთის საკონსულო 30 დღის განმავლობაში დაიხუროს

ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე ბრიტანეთის საკონსულოს აცნობა, რომ ის უნდა დაიხუროს და იქ მივლენილი დიპლომატები 30 დღის განმავლობაში აკრედიტაციას დაკარგავენ, - ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების ცნობით, ისრაელში, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ ღაზის საკოორდინაციო მისიაში დანიშნულმა ბრიტანელმა წარმომადგენლებმა, ისევე როგორც რამალაში განლაგებულმა ბრიტანელმა დიპლომატებმა, ქვეყანა შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გედეონ საარის განცხადებით, ბრიტანეთმა უნდა დახუროს თავისი საკონსულო აღმოსავლეთ იერუსალიმში, რომელიც პალესტინის ხელისუფლებასთან არის აკრედიტებული, რაც ბრიტანეთის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებისთვის სანქციების დაწესების საპასუხო ნაბიჯია.

ამასთან, მედია წერს, რომ დიდი ბრიტანეთის შემდეგ, საფრანგეთმა და კანადამაც განაცხადეს, რომ დასახლებებიდან საქონლის იმპორტს აკრძალავენ.

სიტუაციის შესახებ ინფორმირებული სამი წყაროს ცნობით, ისრაელის მთავრობა, რომელიც სანქციების დაწესებას ელოდა, ოთხშაბათს შეხვედრას გამართავს, რათა განიხილოს საპასუხო ზომები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის ინიციატივას.

როგორც გამოცემა წერს, საფრანგეთსა და შვედეთს, რომლებმაც ბრიტანეთის ქმედებას მხარი დაუჭირეს, ასევე აქვთ იერუსალიმში საკონსულოები, რომლებიც პალესტინის ხელისუფლებასთან არიან აკრედიტებული.