რა ვითარებაში იპოვეს დაღუპული ჯარისკაცი - „გასროლის ხმის გამო მოხდა საგუშაგოს შემოწმება“

თავდაცვის სამინისტრო

მიმდინარე წლის 8 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის რიგითი სამხედრო მოსამსახურის, 2005 წელს დაბადებული იუსიფ ნასიბოვის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე სადღეღამისო განწესში იმყოფებოდა, მასზედ მიმაგრებული საშტატო იარაღით. გასროლის ხმის გამო მოხდა საგუშაგოს შემოწმება და ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი ი.ნასიბოვი.

პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გრძელდება გამოძიება.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებს გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.