ქართველი მაშველები ამ წუთებში მუშაობენ ლოკაციაზე, სადაც სავარაუდოდ ცოცხალი ადამიანების ხმა გაიგეს

მაშველი

თურქეთში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამაშველო ოპერაცია. ეძებენ დაკარგულებს. მათი უმეტესობა ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. მონაცემები მსხვერპლის შესახებ ყოველ საათში იზრდება. ამასთან, "კურიერის" გადამღები ჯგუფი კვლავ აგრძელებს სტიქიური უბედურების ცენტრში მუშაობას. როგორც "კურიერის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ქალაქი ადიამანი მიწასთანაა გასწორებული. სტიქიის ზონაში ყველა შენობა ან სრულად დანგრეული ან მნიშვნელოვნად დაზიანებულია.

გარდა ამისა, ქართველი მაშველები თურქეთის სამაშველო სამსახურებთან კოორდინაციაში აგრძელებენ მუშაობას. ამ წუთებში ისინი ერთ-ერთ ლოკაციაზე მუშაობენ, სადაც არსებობს ინფორმაცია, რომ ცოცხალი ადამიანების ხმა გაიგეს. ამ ყველაფერს თან ახლავს რისკები, სტიქიური უბედურების ეპიცენტრში მიწისძვრები მეორდება.

"დღის მეორე ნახევარში, როდესაც ამოყვანის პროცესში ვიყავით, სამჯერ განმეორდა მიწისძვრა. 5.5-ზე მეტი იყო, როგორც შემდეგ თქვეს, მაგრამ საბედნიეროდ ამას ნგრევა არ მოჰყოლია, დაზიანება არავის მიგვიღია. ის პროცესი გავაგრძელეთ, რასაც ვაკეთებდით," - განაცხადა ქართველმა მაშველმა "კურიერთან".

ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში დაღუპულია 17 000-ზე მეტი ადამიანი. მხოლოდ თურქეთში სტიქიას 14 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 63 000-ზე მეტი მოქალაქე. დანგრეულია 6000-ზე მეტი შენობა. ქვეყანაში გაუქმებულია ყველა გასართობი და სპორტული ღონისძიება. შეწყვეტილია სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში. თურქეთს მეგობარი ქვეყნები როგორც ჰუმანიტარული დახმარებით, ასევე სამაშველო ჯგუფებით ეხმარებიან. სირიას კი ევროკავშირი 3 ნახევარი მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას გაუგზავნის.