მსოფლიოში ყველაზე დიდმა აისბერგმა დაშლა დაიწყო

მსოფლიოში ყველაზე დიდმა აისბერგმა დაშლა დაიწყო

მსოფლიოს ყველაზე დიდმა აისბერგმა A23a დაშლა დაიწყო. NASA-ს სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ ანტარქტიდაში ბრიტანულ კუნძულ სამხრეთ ჯორჯიასთან თავთხელზე დარჩენილ აისბერგს ყინულის ათასობით ნაწილი სცილდება.

თუმცა მეცნიერების ვარაუდით, აისბერგის ბოლომდე დაშლას თვეები ან სულაც წლები დასჭირდება. ამ ეტაპზე აისბერგის ზედაპირის ფართობი დაახლოებით 3 100 კვადრატული კილომეტრია და სპეციალისტები შიშობენ, რომ მისმა ნაწილებმა შესაძლოა რეგიონში გემებს პრობლემები შეუქმნან.

A23a-ს თითქმის 40-წლიანი ისტორია აქვს. 1986 წელს ის შელფურ მყინვარს ფილხნერ-რონეს გამოეყო, მას შემდეგ ანტარქტიდაში მოძრაობს. ის რამდენჯერმე სხვადასხვა ადგილას გაიჭედა, სამხრეთ ჯორჯიასთან კი, სადაც პინგვინები და სელაპები ცხოვრობენ, 2025 წლის მარტში გაჩერდა.