მშენებლობების დაკანონების მოთხოვნით, აფრიკის მცხოვრებლები სამგორის გამგეობის პიკეტირებას აპირებენ

samgoris gamgeoba

აფრიკის მცხოვრებლები მშენებლობების დაკანონების მოთხოვნით, სამგორის გამგეობის პიკეტირებას აპირებენ. ისინი გამგეობის შენობაში არიან შესულები. მათი განცხადებით, არცერთი ადამიანი, მითუმეტეს, სოციალურად დაუცველი, უსახლკაროდ არ უნდა დარჩეს.

„ყველას უნდა დაუმტკიცონ ის მიწები, რომელიც მათ აქვთ დასაკუთრებული და გარდა ამისა, ვინც არიან უსახლკაროები, უნდა მოხდეს აღრიცხვა ამ ადამიანების და უნდა მათ, ასევე, დაურიგდეს იგივენაირად მიწები, როგორც აქვთ ამ ადამიანებს მისაკუთრებული“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

11 თებერვალს თბილისის მერიამ განაცხადა, რომ ე.წ. აფრიკის დასახლებაში გამოავლინეს რამდენიმე შენობა, რომელიც მერიის თქმით, უკანონოდ არის აშენებული და მათ დემონტაჟს განახორციელებდნენ.

მანამდე 28 იანვარს თბილისის მერიამ ორხევის დასახლებაში უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი დაიწყეს. ამ დროისთვის დანგრეულია 5-ზე მეტი სახლი.

დასახლებაში განვითარებულ პროცესებზე საუბრისას, კალაძე აცხადებდა, რომ ქონების უკანონოდ მიტაცება და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსება მიუღებელია. ასევე, ამბობდა, რომ მოსახლეობას სახლები და მიწები აქვთ და ისინი მიწების მიტაცებას მიზანმიმართულად ცდილობენ.