„კვალი დიდუბეში ქრება“ - რას ამბობს დაკარგული ბიჭის ძმა, რომელსაც უკვე ერთი თვეა ეძებენ

ეძებენ

უკვე ერთი თვეა, ოჯახი და პოლიცია 24 წლის ბიჭს ეძებს. მათე (ამირან) ბოხუა დროებითი საცხოვრებლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. „პრაიმტაიმი“ დაკარგულის ძმას, დათა ბოხუას ესაუბრა.

„სახლიდან, 9 ივნისს, 22:00 საათზე გავიდა. დაიბარა, 2-3 დღეში დავბრუნდებიო. ძმაკაცებთან ერთად ცხოვრობდა. სახლიდან მეგობართან ერთად გავიდა და ერთმანეთს მეტროში დაშორდნენ. პოლიციის დახმარებით გავარკვიეთ, რომ ჩემი ძმის კვალი დიდუბეში ქრება.

1 თვეა ვეძებთ, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. რაც შესაძლებელია, პოლიციაც ყველაფერს აკეთებს.

ოჯახს არანაირი ვერსია არ გვაქვს. არ უყვარდა დალევა, მოთამაშე არ იყო, წესიერი, მშრომელი ბიჭი იყო. ერთად ვმუშაობდით თბილისში. კამათი, დაპირისპირებები არ უყვარდა, წყნარი ტიპი იყო. გაკვირვებულები ვართ, სად დაიკარგა და რა მოუვიდა, არ ვიცით...“, - ამბობს დათა ბოხუა.

ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე ან დაკარგული ბიჭის ძმას დაუკავშირდით ნომერზე - 571 20 12 04